დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება, ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა

რა მომსახურებებს მოიცავს პროგრამა?

• ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში ორსულებისათვის იფარება 8 ანტენატალური ვიზიტი, რაც მოიცავს დანართში აღნიშნულ მომსახურებას;

• ანტენატალური სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, В და С ჰეპატიტებზე და სიფილისზე.

ყველა ორსულისთვის, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ან დარეგისტრირდნენ ორსულობის 13 კვირის შემდეგ, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლედ, ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით ვაუჩერის ფარგლებში დადგენილ ვადებში, პროგრამით გათვალისწინებულია სკრინინგული კვლევების (В და С ჰეპატიტებზე აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე) უზრუნველყოფა.

ყველა ორსულისთვის, სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სიფილისზე კონფირმაციული კვლევის ჩატარება, ადრეული და მოგვიანებითი სიფილისის მკურნალობა, ასევე მათი ახალშობილთა გამოკვლევა, თანდაყოლილი სიფილისის გამოსარიცხად.

პროგრამით გათვალისწინებულია გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა ორსულებში, რაც მოიცავს:

• გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგულ გამოკვლევას სამმაგი ტესტ-სისტემით;

• სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიურ კვლევას (ამნიოცენტეზი), კარიოტიპირების მეთოდით.

ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში, ყველა ორსული ორსულობის 13 კვირამდე უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით, ხოლო დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში – რკინის შემცველი პრეპარატით.

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე მოიცავს:

• ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენას, ქვეყნის მასშტაბით დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით;

• ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორად დიაგნოსტიკას, დაავადების დადასტურების მიზნით;

• ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიურ მონიტორინგსა და ამბულატორიულ დახმარებას;

• ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კონსულტირებას, ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით;

• ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარებას;

• ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორად დიაგნოსტიკას და ამბულატორიულ მონიტორინგს, რაც მოიცავს ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებასა და სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე.

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ფარგლებში, გათვალისწინებულია სმენის დარღვევის გამოვლენა, ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით, ასევე, პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მეორადი სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩაღრმავებული კვლევების (ტიმპანომეტრული კვლევა და კომპიუტერული აუდიომეტრია) უზრუნველყოფა.

ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებით?

პროგრამის მოსარგებლენი არიან:

“ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის” მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა ორსული.

“გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის” – მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები (ქ. თბილისის მასშტაბით):

• ქრომოსომული/გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

• ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;

• ანამნეზში მკვდრადშობადობა ან ჩვეული აბორტები (3-ზე მეტი);

• ქალის ასაკი – 35 და მეტი წლის;

• ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

• ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;

• ხელოვნური განაყოფიერება;

• ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;

• ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზემოქმედება: ტერატოგენური მოქმედების მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები);

• ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმას მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა; ტერატოგენური მოქმედების ქიმიური აგენტები, მაიონიზირებელი რადიაცია.

დამატებითი პირობები:

• ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული სერვისების მისაღებად, ორსულმა, ორსულობის 13 კვირის ვადამდე, უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან.

• მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართათვის.

იხილეთ პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი

“2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის N4 დადგენილება