ტუბერკულოზის მართვა

ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ამბულატორულ მომსახურებას:

• ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის (ექიმის მიმართვით ან მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი გამოვლენილი (შემდგომში – მგბ+) შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების) კლინიკურ დიაგნოსტიკას და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;

• დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფტიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;

• უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელებას (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;

• ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობას მაღალი რისკის ჯგუფებში;

• პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც მოიცავს ტუბერკულოზზე სკრინინგის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამედიცინო პერსონალის – სპეციალურად გადამზადებული მედდების დაფინანსებას;

• ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისა და დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პენიტენციური სისტემის მუშაკთა რუტინულ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ (აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ამ დადგენილების საფუძველზე გაწეულ მომსახურებებზე);

• მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობას ახალი მედიკამენტებით და მკურნალობის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე მკურნალობის პროცესში (ინტენსიური და გაგრძელების ფაზა) მონიტორინგის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევებსა და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს.

სტაციონარულ მომსახურება:

• ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ თერაპიულ სტაციონარულ მომსახურებას, მათ შორის, ანტიტუბერკულოზური მკურნალობის პროცესში გვერდითი მოვლენების სამართავად პაციენტების უზრუნველყოფას შესაბამისი მედიკამენტებით;

• რთულ სადიაგნოსტიკო მომსახურებას, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები;

• ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას;

• პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით, მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვას და გადაცემას.

 ვის უნდა მიმართოთ პროგრამის მომსახურების მისაღებად?

ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას ან ტუბერკულოზის პროფილის მქონე დაწესებულებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სტაციონარული მომსახურების მისაღებად, მოსარგებლემ უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

როგორ ხდება ტუბერკულოზის მართვის სახლმწიფო პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, სახელმწიფოს მიერ (პროგრამა არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან).

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი

“2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის N4 დადგენილება