ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.
,,COVID–19-ით ინფიცირებულთათვის საწოლფონდის მობილიზაციასთან ერთად მოსახლეობისათვის აუცილებელ საბაზისო სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნება „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა, რაც, პირველ რიგში, განახლებულ, გამართულ ინფრასტრუქტურას, სწორად გადანაწილებულ საკადრო რესურსს, ოპერირების გამართულ პროცედურებს უკავშირდება. შესაბამისად, მობილიზებული კლინიკების დიდი ნაწილი სწორედ „ჰიბრიდულ“ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებები სრულად კმაყოფილდება“.-განაცხადა გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნონა ასათიანმა.
ადამიანური რესურსის და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა, მეორეს მხრივ, COVID-19-თან მიმართებით ინფექციების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურის განახლება ქსელის მასშტაბით ზაფხულში დაიწყო, რიგ კლინიკებში დღესაც გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ,,მიუხედავად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებები სრული დატვირთვით აგრძელებდნენ მუშაობას და მოსახლეობისათვის საჭირო სამედიცინო სერვისების მიწოდებას, რაც ადგილობრივი მენეჯმენტის და პერსონალის დიდი დამსახურებაა“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ.
ამჟამად COVID–19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიის, ვანის, საგარეჯოს, ჭიათურის, მარნეულის, ბორჯომის, დუშეთის და გარდაბნის კლინიკებშია შესაძლებელი.