რა იწვევს ხელების დაბუჟებას

24 მაი, 2022
მაჯის გვირაბის, იმავე კარპული არხის სინდრომის პირველი გამოვლინებაა თითებში დაბუჟების შეგრძნება. მოგვიანებით ვლინდება სისუსტე და ტკივილი. რადგან მაჯის გვირაბის სინდრომი ვითარდება ნელა, თავიდან შესაძლებელია ჩივილები მხოლოდ ღამით იყოს გამოხატული, შემდეგ კი დღისითაც შემაწუხებელი ხდება.

 

რა იწვევს მაჯის გვირაბის სინდრომს?

ზუსტი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. რადგან მაჯის გვირაბი ანატომიურად არის ძალიან ვიწრო, ნებისმიერმა ანთებამ და შეშუპებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზეწოლა შუათანა ნერვზე. სიმპტომები შესაძლებელია გამოხატული იყოს ერთ ან ორივე ხელში. უმეტესად ჩივილები იწყება მარჯვენა ხელში.

ვის ემართება მაჯის გვირაბის სინდრომი?

მაჯის გვირაბის სინდრომი შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში, თუმცა ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. გამოყოფენ მაღალ რისკის ჯგუფებს, ესენი არიან: ორსულები, პაციენტები ვისაც ჰქონდა სახსრის არეში მოტეხილობა ან ღრძობა, ვისაც დიაგნოსტირებული აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, რევმატოიდული ართრიტი.

რატომ უნდა ვიმკურნალოთ?

თავიდან სიმპტომები პაციენტებს აწუხებთ მხოლოდ პერიოდულად, შემდეგ კი ჩივილები მუდმივ ხასიათს იღებენ. მკურნალობის ჩატარების გარეშე ცერა თითის კუნთები სუსტედებიან და განიცდიან ატროფიას. მგს- მსგავსი ჩივილები შესაძლებელია სხვა დაავადებებმაც გამოიწვიონ, მაგალითად: კუნთის მყესის ან იოგს დაზიანება, მაჯის სახსრების ართრიტი, დიაბეტური ნეიროპათია და სხვ. ამიტომ დიაგნოზის დადასტურებისათვის აუცელებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ ისმევა დიაგნოზი?

სინდრომის დიაგნოსტირება ხდება ფიზიკალური გასინჯვის და გამოკვლევის საფუძველზე. ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ტესტი არის ტინელის ტესტი, რომელიც გულისხმობს შუათანა ნერვზე მსუბუქ დარტყმებს, რაც იწვევს ხელის დაბუჟებას და უსიამოვნო (ჭიანჭველების ცოცვის) შეგრძნებას. ასევე გამოიყენება ფალენის ტესტი, ამ დროს ხელების მტევნის ზურგის მახარები უნდა მიატყუპოთ ერთმანეთს (თითები მიმართულია ქვემოთ) და გააჩეროთ ამ პოზიციაში 1 წუთის განმავლობაში. თუ დაგეწყებათ დაბუჟება და უსიამოვნო შეგრძნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ტესტი დადებითია. ხელების დაბუჟების დროს არ არის საჭირო რუტინულად პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა, რაც ძალიან პოლულარულია საქართველოში.დიაგნოზის დასადასტურებლად, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ შუათანა ნერვის ელექტროგრაფია.

როგორ ვუმკურნალოთ მაჯის გვირაბის სინდრომს?

მკურნალობა იწყება სახსრის იმობილიზაციით. ძალიან ეფექტურია სახსრის ფიქსატორის გამოყენება. ფიქსატორის გამოყენება აუცილებელია ღამით და თუ შესაძლებელია დღის განმავლობაშიც. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, ნაპროქსენი) და ცივი კომპრესი საგრძნობლად ამცირებენ ტკივილს.თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება არ აღმოჩნდა ეფექტური, შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ ადგილობრივად ჰორმონული პრეპარატების შეყვანა. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, ინიშნება ოპერაციული მკურნალობა. ამ დროს ხდება მაჯის გვირაბის მყესის გადაჭრა, რაც აფართოებს გვირაბს და ამცირებს ნერვზე ზეწოლას. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ღია წესით ასევე ენდოსკოპიურად.

როგორ ავიცილოთ თავიდან მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარება?

მაჯის გვირაბის სინდრომის პრევენციისთვის და სიმპტომების შემსუბუქებისათვის მოწოდებულია სპეციალური ვარჯიშები