როგორ ჩავაცვათ ახალშობილს?
ახალშობილს მჭიდროდ შეხვევა არ სჭირდება. ჩააცვით პატარას ისეთი პერანგი, წინდა და შარვალი, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს. ნუ გამოიყენებთ ხელთათმანებს, ბავშვს ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს, რათა ადვილად შეეხოს საგნებს. ეს მას აღქმის უნარის განვითარებაში და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. სასურველია, რომ ბავშვის ტანსაცმელი იყოს თავისუფალი, მსუბუქი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული. ბავშვის ტანსაცმელი და მრავალჯერადი საფენი სპეციალური საბავშვო სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ და ორივე მხრიდან გააუთოვეთ. როგორც წესი, ბავშვებს ჩაცმა არ უყვართ და ჩაცმისას ხშირად ტირიან. მაგრამ ეს პროცესი მათთვის სასიამოვნო გახდება , თუ ამ დროს ესაუბრებით და ეალერსებით.