როგორ ვლინდება ვიტამინი B 12-ის დეფიციტი?
ვიტამინი B 12 ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ტვინის და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე ერითროციტების ფორმირებაში. ადამიანის ორგანიზმი ყოველ წუთში წარმოქმნის მილიონამდე წითელ უჯრედებს (ერითროციტებს), მაგრამ უჯრედების გამრავლება იქნებოდა შეუძლებელი ვიტ. B 12-ის გარეშე. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიტ. B 12 დეფიციტი, უვითარდებათ ანემია.
ვიტამინ B 12-ის დეფიციტის ნიშნები: ვიტამინ B 12 დეფიციტის დროს შეიძლება განვითარდეს შეუქცევადი და პოტენციურად საშიში დაზიანება, განსაკუთრებით ნერვული სისტემის და ტვინის. ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დეპრესია, მეხსიერების პრობლემა, დაღლილობა, ხელების და ფეხების დაბუჟება და ჩხვლეტითი ტკივილი კიდურებში, ფსიქოზი, დემენცია, ყაბზობა, მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, ანემია.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ ვიტამინ B 12 დეფიციტის განვითარების რისკი: ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იღებენ ხორცის პროდუქტებს, მცენარეული საკვები არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით კობალამინს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ პერნიციოზური ანემია (ამ დროს ირღვევა ვიტამინ B 12 აბსორბცია), კრონის დაავადების, გასტრიტის, ცელიაკიის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ალკოჰოლიზმის დროს ირღვევა ასევე ვიტამინი B 12 აბსორბცია. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მკურნალობენ მეტფორმინით, პერიოდულად უნდა აკონტროლონ ვიტამინ B 12 სისხლში, მეტფორმინი ამცირებს ვიტამინ B 12 აბსორბციას.
მკურნალობა: ვიტამინ B 12-ით მდიდარი საკვების მიღება( ხორცის პროდუქტები, თევზი, რძე, ყველი, კვერცხი), ვიტამინ B 12 ინექცია.