საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისში ოპერირებს

23 დეკ, 2022

ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალს“ – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სახელის ქვეშ ფუნქციონირებს, 250 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელთა შორისაა პედიატრია, ინსულტის მართვა, კარდიოლოგია (ინტერვენციით), აბდომინალური და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია და სხვ. კლინიკის ძირითად მიმართულებებს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვ.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“- თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო  თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.

სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ნინა კობახიძემ.

 „2-წლიანი მუშაობის შედეგად ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს სრულ ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარულ მომსახურებას; დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებით, პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“ – აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა. მანვე თამარ გაბუნიასა და მოწვეულ სტუმრებს კლინიკის სამედიცინო მიმართულებებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების შესაძლებლობების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრში მოქმედი ტექნიკური აღჭურვილობები.

„კლინიკა, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ თბილისში შეიქმნა, მუშაობს სრული დატვირთვით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი სტანდარტის დამკვიდრება სამედიცინო სექტორში, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ასევე მრავალპროფილურ სერვისს როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ერთიან სივრცეშია შესაძლებელი როგორც ამბულატორიული გამოკვლევების ჩატარება, ასევე ჰოსპიტალური სერვისის მიღება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ვფიქრობთ, რომ მაღალი ხარისხის დამკვიდრება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გავიდეს საერთაშორისო სტანდარტზე და მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი ის სერვისი, რაც გლობალურად აღიარებულია,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ კლინიკის თბილისში ოპერირების მნიშვნელობასა და ადგილზე წამყვან სამედიცინო მიმართულებებზე ისაუბრა. „ეს კლინიკა წლებია ფუნქციონირებდა ქვეყანაში პირველი მულტიპროფილური კლინიკის სახელწოდებით და გვიხარია, რომ ახლა უკვე  ჰაბი თბილისშია, სადაც თავმოყრილია სამედიცინო მომსახურებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კლინიკებისთვის რეგიონებში, ისე თავისთავად ამ სექტორში მოღვაწე ყველა მოთამაშისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მიზნად დავისახეთ რამდენიმე პროფილური სამედიცინო სერვისის განვითარება, მათ შორის ძალიან დიდ კონკურენციას გავუწევთ პედიატრიაში, სადაც 100 საწოლი იქნება მობილიზებული ნებისმიერი ნოზოლოგიისთვის როგორც დიაგნოსტიკურ, ისე ჰოსპიტალურ შემთხვევებში“, – აღნიშნა ნინა კობახიძემ.

——————————

             „ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია; ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალსს“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/739380-sakartveloshi-ert-erti-qvelaze-mzlavri-samedicino-centri-jeo-hospitalsi-ukve-tbilisshi-operirebs

https://www.ambebi.ge/article/287194-sakartveloshi-ert-erti-qvelaze-mzlavri-samedicino-c/

https://mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/21394-tbilisis-jeo-hospitalsis-mravalpropilur-samedicino-centrshi-ert-erti-camqvani-mimartuleba-pediatria-ikneba.html