შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს” – ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მუცლის აორტის ენდოვასკულარული პროთეზირება ჩატარდა

29 ივლ, 2015

პირველად დასავლეთ საქართველოში, შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალს”-ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, მუცლის აორტის ენდოვასკულარული პროთეზირება ჩატარდა. როგორც ცნობილია აორტა ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვია, ანევრიზმა კი სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. სტატისტიკურად აორტის ანევრიზმა ყველაზე ხშირად 60-დან 80 წლამდე ასაკში გვხვდება. 21-ე საუკუნეში აორტის ანევრიზმის მკურნალობა მხოლოდ ენდოვასკულარული გზით, მუცელკვეთის გარეშეა რეკომენდირებული. სწორედ მსგავსი ტიპის ოპერაცია გაკეთდა შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალს’’-ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში.  72 წლის პაციენტმა – ძლიერი  მუცლის ტკივილით მიაკითხა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოს, სადაც აღმოჩნდა რომ მას 6,5 სანტიმეტრის ზომის მუცლის აორტის ანევრიზმა ჰქონდა. ტრადიციული მეთოდით ანუ მუცელკვეთით ყველაზე დიდი სისხლძარღვის პროთეზირება მისი ასაკის გათვალისწინებით, პაციენტის დაღუპვის დიდ რისკს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ მასთან შეთანხმებით შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“- ის ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგებმა – გიორგი ხელაძე, ლაშა გოგონაძე, კოტე ხელაძე – გადაწყვიტეს თანამედროვე, ენდოვასკულარული მეთოდით ოპერაციის ჩატარება. ამ პროცესის სამეთვალყურეოდ ჩეხეთის, ქალაქ ოლომოუცის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ამასთანავე რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტინ კოხერი ჩამობრძანდა, რომელმაც შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების გუნდს  დადებითი შეფასება მისცა და ამასთან ერთად სერტიფიკატებიც გადასცა. ამ კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი ბატონი გიორგი ხელაძე, სხვადასხვა დროით იმყოფებოდა შვედეთსა და ჩეხეთში, მუცლის აორტის ანევრიზმის სტენტ-გრაფტირების ასათვისებლად. სწორედ ეს სტენტ-გრაფტი მხოლოდ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გამოიყენება, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება ოპერაციების წარმოება გართულებული აორტის ანევრიზმების შემთხვევაშიც.