სიცოცხლისთვის ბრძოლა, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო!
შოკური მდგომარეობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა, სხეულზე მრავლობითი ჭრილობები — ამ მდგომარეობით შეიყვანეს მოზარდი 11 ივლისს მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენი ექიმების ძალისხმევით, სწრაფი რეაგირებითა და პროფესიონალიზმით, პაციენტმა ურთულეს ოპერაციებს გაუძლო, ინტენსიური მკურნალობის კურსი ჩაუტარდა და დღეს უკვე თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
“ჩემს სამუშაო გამოცდილებაში ძალიან იშვიათი და ემოციური შემთხვევა იყო. პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ჰქონდა შოკი, იყო კონტაქტური, ჰემოდინამიკა არასტაბილური, სხეულზე მრავლობითი ჭრილობები. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შემდეგ საოპერაციოში დაუმუშავდა ჭრილობები და ბავშვი გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული კვლევების საფუძველზე კვლავ დასჭირდა ოპერაციული მკურნალობა და კვლავ მართვითი სუნთქვა. ქირურგების, რეანიმატოლოგების და ჩვენი კლინიკის გუნდური მუშაობის შედეგია, რომ ეს ბავშვი დღეს კარგად გრძნობს თავს,” – აღნიშნა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინგა აბულაშვილმა.
მოზარდი, რომელიც 3 კვირის წინ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით შემოვიდა მარნეულის კლინიკაში, დღეს თავს კარგად გრძნობს. როგორც მან განაცხადა: “ყველა ექიმი ზრუნავდა ჩემზე, ყოველ 2 წუთში ერთხელ მოდიოდნენ და მაკვირდებოდნენ. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცეს. მედდებიც მოდიოდნენ, სისტემას მიყენებდნენ, როცა ტკივილები მქონდა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.”