ცილის არსებობა შარდში

სიმპტომის აღწერა

შარდში ცილის არსებობა, ანუ პროტეინურია, არის როდესაც შარდში არის ნორმაზე მეტი ცილა. ცილა ერთერთი ის ნივთიერებაა, რომელიც მოწმდება შარდის ანალიზის დროს.

შარდში მცირე რაოდენობით ცილის არსებობა ნორმაა. ცილის დროებით გაზრდილი რაოდენობაც არაა იშვიათი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ვარჯიშის შემდეგ ან ავადმყოფობისას. თუ შარდის ანალიზმა აჩვენა შარდში ცილების არსებობა, შეიძლება დაგენიშნოთ კიდევ ერთი ანალიზი, რომელიც გამოავლენს რამდენი ცილაა შარდში და არის თუ არა ეს საგანგაშო.

თუ გაქვთ დიაბეტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება წელიწადში ორჯერ შეამოწმოს შარდში პატარა ცილების რაოდენობა, აგრეთვე ცნობილი როგორც მიკროალბუმინურია. ახლადგამოჩენილი ან გაზრდილი რაოდენობის ცილა შარდში შეიძლება თირკმლის დიაბეტური დაზიანების ყველაზე ადრეული ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი

თქვენი თირკმელები სისხლიდან ფილტრავს ნარჩენ პროდუქტებს, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს კი აკავებს. ზოგმა დაავადებამ ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ცილების გასვლა თირკმლის ფილტრებში, რაც გამოვლინდება შარდში ცილის არსებობით.

მდგომარებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შარდში ცილის რაოდენობის დროებითი მომატება და არ მიუთითებენ თირკმლის დაზიანებაზე:

  1. სიცივე
  2. ემოციური სტრესი
  3. სიცხე
  4. მაღალი ტემპერატურა
  5. ძლიერი ვარჯიში

დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ შარდში ცილის რაოდენობის მუდმივ მომატებას და შეიძლება მიუთითებდნენ თირკმლის დაავადებაზე:

  1. ამილიოდოზი (პათოლოგიური ცილების დაგროვება ორგანოებში)
  2. ზოგიერთი მედიკამენტი
  3. თირკმლის ქრონიკული დაავადება
  4. დიაბეტი
  5. გლომერულონეფრიტი (თირკმლის იმ უჯრედების ანთება, რომლებიც ფილტრავენ ნარჩენ პროდუქტებს სისხლიდან)
  6. გუდპასჩერის სინდრომი (დაავადება, რომელიც აზიანებს თირკმელებს და ფილტვებს)
  7. გულის დაავადება
  8. გულის უკმარისობა
  9. სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
  10. ჰოჯკინის ლიმფომა (ჰოჯკინის დაავადება)
  11. Ig Aნეფროპათია (ბერგერის დაავადება) (იმუნოგლობულინი A ანტისხეულების დაგროვებით გამოწვეული თირკმლის ანთება)
  12. თირკმლის ინფექცია
  13. ლეიკემია
  14. მგლურა
  15. მალარია
  16. მრავლობითი მიელომა
  17. ორთოსტატიული პროტეინურია (შარდში ცილების რაოდენობა იზრდება დგომისას)
  18. პერიკარდიტი (გულის გარსის ანთება)
  19. პრეეკლამპსია
  20. ორსულობა
  21. რეუმატოიდული ართრიტი
  22. სარკოიდოზი  (ანთებითი უჯრედების გროვების გაჩენა და ზრდა ორგანოებში)
  23. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია

როდის მივმართოთ ექიმს

თუ შარდის საერთო ანალიზმა ან სხვა ანალიზმა აჩვენა შარდში ცილის არსებობა, კითხეთ ექიმს საჭიროა თუ არა დამატებითი ტესტების ჩატარება. შარდში ცილის არსებობა შეიძლება დროებითი იყოს, ამიტომ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ განმეორებითი ანალიზის ჩატარება მეორე დილას ან რამდენიმე დღეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება სხვა ანალიზებიც დანიშნოს, მაგალითად 24 საათიანი შარდის შეგროვება, რათა გაირკვეს საჭიროა თუ არა მკურნალობის დანიშვნა.