ცილის მაღალი შემცველობა სისხლში

სიმპტომის აღწერა

ცილის მაღალი შემცველობა სისხლში (ჰიპერპროტეინემია) ნიშნავს ცილების კონცენტრაციის მომატებას სისხლის მიმოქცევის წრეებში. მომატებული ცილა თავად არ წარმოადგენს კონკრეტულ დაავადებას, თუმცა შეიძლება სხვა დაავადების ნიშანი იყოს.

ცილის მაღალი შემცველობა სისხლში იშვიათად გამოვლინდება რაიმე ნიშნით ან სიმპტომით. ზოგჯერ ცილის მომატება შემთხვევითი აღმოჩენაა სისხლის ანალიზებში, სხვა დაავადებების შეფასების დროს.

გამომწვევი მიზეზი

ცილის მაღალი შემცველობის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. ძვლის ტვინის დაავადება
  2. მრავლობითი მიელომა
  3. ამილოიდოზი
  4. დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონალური გამოპათია
  5. ქრონიკული ანთებითი მდგომარეობები
  6. აივ/შიდსი
  7. დეჰიდრირება (გაუწყლოება). დეჰიდრირების დროს წყლის შემცველობის დაკლების გამო ცილების კონცენტრაცია თითქოს იზრდება

ცილებით მდიდარი დიეტა არ იწვევს სისხლში ცილის მომატებას.

ცილის მაღალი კონცენტრაცია არ არის დაავადება. ძირითადად, იგი ლაბორატორიული დაკვირვების შედეგად გამოვლინდება, რომელიც სხვა დაავადების ან სიმპტომის გამო ჩატარდა. მაგალითად, ცილა მომატებულია დეჰიდრირებულ ადამიანებში, თუმცა რეალურად სისხლის პლაზმაა უფრო კონცენტრირებული წყლის დაკარგვის გამო.

გარკვეული ცილები ინფექციის ან სხვა ანთებითი მდგომარეობის გამოც შეიძლება იყოს მომატებული. მრავლობითი მიელომა ან ძვლის ტვინის სხვა დაავადებები ზოგჯერ თავდაპირველად ცილების მომატებით გამოვლინდება.

ცილების ნორმალური ფუნქციები

ცილები დიდი, რთული მოლეკულებია, რომლებსაც ყველა უჯრედისა და ქსოვილისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცილები წარმოიქმნება სხეულის მრავალ ნაწილში და ცირკულირებს სისხლით.

ცილებს მრავალი ფორმა აქვს, მაგალითად ალბუმინი, ანტისხეული, ფერმენტი და ასევე მრავალფეროვანი ფუნქცია:

  • სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლა
  • სხეულის ფუნქციების დარეგულირება
  • კუნთის სინთეზი
  • მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებების ტრანსპორტი სხეულში

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენი ექიმი შენიშნავს სისხლში ცილის მომატებას, შესაძლოა დაგინიშნოთ დამატებითი ტესტები მიზეზის დასადგენად.

ცილის ტოტალური ტესტი ადგენს გაქვთ თუ არა ცილების მომატებული კონცენტრაცია. სხვა, უფრო სპეციფიკურ ტესტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, საიდან მოდის მომატებული ცილა, მაგალითად ღვიძლიდან თუ ძვლის ტვინიდან. შრატის ცილების ელექტროფორეზის ტესტი ზომავს თითოეული ტიპის ცილას სისხლში. ელექტროფორეზით დგინდება რომელი სპეციფიკური ცილაა მომატებული. ექიმი იყენებს ამ ტესტს, რათა გამორიცხოს ძვლის ტვინის დაავადებები.