დაღლილობა

სიმპტომის აღწერა

დროდადრო, თითქმის ყველა ადამიანს აქვს დაღლილობის მომატებული შეგრძნება. დროებითი დაღლილობის ასეთ გამოხატულებას მარტივი მიზეზი და მკურნალობის საშუალება აქვს.
 
ქრონიკული დაღლილობა კი დიდხანს გასტანს და უფრო ძლიერადაა გამოხატული. ქრონიკული დაღლილობის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მუდმივად დაქანცულია და ენერგიასთან ერთად მენტალური აქტივობის უნარსაც კარგავს. ამ სიმძიმის დაღლილობა ემოციურ–ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც უკავშირდება.

დაღლილობა არაა იგივე, რაც ძილიანობა, თუმცა მას ხშირად ახლავს თან ძილის სურვილი და მოტივაციის ნაკლებობა.

ზოგჯერ დაღლილობა კლინიკური დიაგნოზის ერთ–ერთი ნიშანია, თუმცა ძირითადად ეს სიმპტომი თქვენს რომელიმე ჩვევას ან რუტინულ აქტივობას უკავშირდება.

გამომწვევი მიზეზი

დაღლილობის ზუსტი მიზეზის განსაზღვრა პირველი ნაბიჯია მასთან ბრძოლაში. ძირითადად, გამოყოფენ სამი ტიპის დაღლილობას: ცხოვრების წესთან ასოცირებულს, სამედიცინო მდგომარეობის (დაავადების) თანმხლებსა და ფსიქოლოგიური პრობლემის ნაწილს.
ცხოვრების სტილთან ასოცირებული ფაქტორები

დაღლილობას ხშირად მარტივი მიზეზი აქვს, როგორიცაა:

  • ალკოჰოლი ან მისი ხშირი მიღება
  • კოფეინის მიღება
  • ზედმეტი ფიზიკური აქტივობა
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • უძილობა
  • მედიკამენტები, მაგალითად ანტიალერგიული, ხველის საწინააღმდეგო, გაციების
  • არასწორი კვება
  • ფსიქოლოგიური პრობლემები
  • დაღლილობა ხშირად გამოხატავს რაიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მაგალითად:
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • გლოვა
  • სტრესი

სამედიცინო მიზეზები
აუხსნელი დაღლა შესაძლოა სამედიცინო პრობლემის მანიშნებელიც იყოს, მაგალითად:

  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა
  • ანემია
  • სიმსივნე
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
  • ემფიზემა
  • გულის დაავადება
  • ჰიპერთიროიდიზმი (ჰიპერაქტიური თიროიდი)
  • ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია)
  • მედიკამენტები, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები, არტერიული ჰიპერტენზიის საკონტროლო, ანტიდეპრესანტები
  • ჭარბწონიანობა
  • “მოუსვენარი” ფეხების სინდრომი
  • ძილის აპნეა
  • პირველი ტიპის დიაბეტი
  • მეორე ტიპის დიაბეტი

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
დაუკავშირდით ექიმს თუ დაღლილობა ორ კვირაზე მეტია გაწუხებთ, მიუხედავად მცდელობისა, დაისვენოთ, შეზღუდოთ სტრესი, ჯანსაღად იკვებოთ და მიიღოთ მეტი სითხე.

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
მიიღეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ დაღლილობას თან ახლავს:

  • სისხლდენა, მაგალითად სწორი ნაწლავიდან ან ღებინებით
  • მწვავე მუცლის, მენჯის, წელის ტკივილი
  • მწვავე თავის ტკივილი
  • დარეკეთ 112–ზე
  • მოითხოვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ დაღლილობა უკავშირდება მენტალურ პრობლემებს და თუ სიმპტომს თან ახლავს:
  • ფიქრები საკუთარი თავის ვნებისა და თვითმკვლელობის შესახებ
  • ფიქრი, რომ შესაძლოა გამოიწვიოთ სხვა ადამიანების დაშავება
  • ასევე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ დაღლილობას თან ახლავს:
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
  • გულის წასვლის შეგრძნება