გახშირებული მოშარდვა

სიმპტომის აღწერა

შარდვის გახშირება ინდივიდუალური პაციენტისთვის მანამდე არსებული ინტერვალების შემცირებას ნიშნავს.შარდის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს, დარჩეს იმავე მოცულობის, როგორც ადრე ან გაიზარდოს.

შარდვის გახშირება შესაძლოა გაწუხებდეთ როგორც დღისით, ასევე ღამით ან მხოლოდ ღამით (ნოქტურია).

გახშირებული შარდვა შესაძლოა იყოს რაიმე დაავადების ნიშანი, ისევე როგორც ძილის დარღვევის, ნორმალური ფუნქციონირების მოშლის მიზეზი.

გამომწვევი მიზეზი

შარდვის გახშირება საშარდე გზების ნებისმიერი პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. საშარდე გზებში შედის თირკმელი, შარდსაწვეთი (მილი, რომელიც აერთებს თირკმელს შარდის ბუშტთან), შარდის ბუშტი, შარდსადინარი (მილი, რომლის საშუალებითაც შარდი გარეთ გამოდის).

შარდის გახშირების გამომწვევი მიზეზებია:

  • ინფექცია, დაზიანება ან შარდის ბუშტის სხვა დაავადება
  • მეტი შარდის წარმოქმნა ორგანიზმში
  • შარდის ბუშტთან დაკავშირებულ კუნთებში, ნერვებისა და სხვა ქსოვილებში მიმდინარე ცვლილებები
  • ანტისიმსივნური თერაპია
  • მედიკამენტები ან სითხეები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოქმნას

ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ამ სიმპტომს შეიძლება თან ახლდეს სხვა ნიშნების, როგორიცაა:

  • მტკივნეული მოშარდვა
  • მოშარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება
  • მოშარდვის გაძნელება
  • მოშარდვის კონტროლის დაკარგვა
  • ფერშეცვლილი შარდი

კონკრეტული დაავადებები, მდგომარეობები ან ფაქტორები, რომლებიც იწვევენ გახშირებულ მოშარდვას:

  1. წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა
  2. შარდის ბუშტის კენჭები
  3. თირკმლს ფუნქციის დარღვევა
  4. შარდის ბუშტის წინა კედლის პროლაფსი (ცისტოცელე)
  5. უშაქრო დიაბეტი
  6. *შარდმდენები
  7. ალკჰოლის ან კოფეინის ხშირი მიღება
  8. ინტერსტიციული ცისტიტი
  9. თირკმლის ინფექცია
  10. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი
  11. ორსულობა
  12. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
  13. პროსტატიტი
  14. რადიაციული თერაპია, რომელიც მოიცავდა მენჯის ან მუცლის ღრუს
  15. პირველი ტიპის დიაბეტი
  16. მეორე ტიპის დიაბეტი
  17. შარდის შეუკავებლობა
  18. საშარდე გზების ინფექცია

როდის მივმართოთ ექიმს

შარდის გახშირებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია დროული გამოკვლევა. მიმართეთ ექიმს თუ გაგიხშირდათ შარდვა და თუ:

  • არ არსებობს გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა მეტი სითხის, ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება
  • გერღვევათ ძილი
  • გაქვთ სხვა სიმპტომები

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გახშირებულ მოშარდვას თან ახლავს:

  • სისხლიანი შარდი
  • წითელი ან მუქი ყავისფერი შარდი
  • მტკივნეული მოშარდვა
  • გვერდების, მუცლის ქვედა ნაწილის ან საზარდულის ტკივილი
  • გაძნელებული შარდვა ან შარდის ბუშტის დაცარიელება
  • მოშარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება
  • მოშარდვის კონტროლის დაკარგვა
  • სიცხე

საშარდე გზების დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს გახშირებული მოშარდვით, ისევე, როგორც სხვა მძიმე დაავადებები და მდგომარეობები. მიმართეთ ექიმს რათა დადგინდეს ამ სიმპტომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.