ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა სისხლში

სიმპტომის აღწერა

ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა ნიშნავს ჟანგბადის გადამტანი ცილა– ჰემოგლობინის საშუალოზე მეტ კონცენტრაციას სისხლში. ჰემოგლობინი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი შემადგენელი კომპონენტია. ჰემოგლობინის კონცენტრაცია (ჰემოგლობინის დონე) სისხლში ასახავს სისხლის უნარს, გადაიტანოს ჟანგბადი.

ჰემოგლობინის მაღალი დონე განსხვავდება წითელი უჯრედების შემცველობის მომატებისაგან, რადგან თითოეულ უჯრედს ერთი და იმავე რაოდენობის ჰემოგლობინი არ აქვს. ამიტომ, შესაძლოა გქონდეთ მაღალი ჰემოგლობინი და თან დაბალი ან ნორმალური წითელი უჯრედების შემცველობა.

ჰემოგლობინის დონის ზედა ზღვარი არ არის უნივერსალურად დადგენილი და განსხვავდება სხვადასხვა კლინიკებში. ხშირად, ეს დონე 17,5 გრამი ჰემოგლობინია 1 დეცილიტრზე კაცებისათვის და 15,5 გ/დლ ქალებისათვის. ბავშვებში ჰემოგლობინის ზედა ზღვარი ვარირებს ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.

გამომწვევი მიზეზი

ჰემოგლობინის მომატებული დონე შესაძლოა შემდეგი მიზეზებით იყოს გამოწვეული:

  • გულის ან ფილტვის ფუნქციის დაქვეითების გამო, ორგანიზმში ვითარდება ქრონიკულად დაკლებული ჟანგბადის დონე, რის გამოც იზრდება წითელი უჯრედების წარმოქმნა და ჰემოგლობინის სინთეზი
  • გაქვთ ძვლის ტვინის დისფუნქცია, რის გამოც წარმოიქმნება ზედმეტი წითელი უჯრედები
  • იზრდება წითელი უჯრედების დონე მაღალმთიან რაიონებში ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის დაკლების გამო
  • ხართ მწეველი
  • იღებთ მედიკამენტებს ან ჰორმონებს, ყველაზე ხშირად ერითროპოეტინს, რომელიც ასტიმულრებს წითელი უჯრედების წარმოქმნას. თუ გაწუხებთ თირკმლის ქრონიკული დაავადება, ერითროპოეტინის მიღება ჰემოგლობინის მომატებას ვერ გამოიწვევს. თუმცა, ერითროპოეტინით “დატვირთვა” გამოიყენება ათლეტებში ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

კონკრეტული დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ ჰემოგლობინის დონის აწევა სისხლში:

  1. ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
  2. გაუწყლოება
  3. ემფიზემა
  4. გულის უკმარისობა
  5. თირკმლის სიმსივნე
  6. ღვიძლის სიმსივნე
  7. მაღალმთიან რაიონებში ცხოვრება (დაბალი ჟანგბადის კონც.)
  8. გულის სხვა დაავადებები
  9. ფილტვის სხვა დაავადებები
  10. პოლიციტემია ვერა
  11. მოწევა, რადგან იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას

როდის მივმართოთ ექიმს

ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა შემთხვევით იშვიათად დგინდება. ძირითადად, ექიმი უკვეთავს ამ ტესტს რათა დასვას უკვე არსებული დაავადების დიაგნოზი, რომელზეც ეჭვი არსებობს. დაელაპარაკეთ ექიმს თქვენი შემთხვევის შესახებ და კითხეთ რა არის ჰემოგლობინის მომატების მიზეზი. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ტესტებიც.