ქუსლის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

ქუსლის ტკივილი ძირითადად ვრცელდება ქუსლის ქვეშ ან მის უკანა ზედაპირზე. ტკივილი ქუსლის ქვეშ ძირითადად პლანტარული ფასციიტითაა გამოწვეული, ხოლო ქუსლის უკანა ტკივილის ხშირი მიზეზი აქილევსის მყესის ანთებაა (ტენდინიტი). ქუსლის ტკივილი იშვიათად გამოხატავს რაიმე დაავადებას, მაგრამ ის ქმნის დისკომფორტს, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს.

გამომწვევი მიზეზი

ქუსლის ტკივილის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  1. აქილევსის ტენდინიტი
  2. აქილევსის მყესის რუპტურა (გახევა)
  3. ძვლის სიმსივნე
  4. ბურსიტი
  5. ფიბრომიალგია
  6. მოტეხილობა
  7. ნეკრისის ქარი (პოდაგრა)
  8. ქუსლის ზედაპირის გაცვეთა
  9. ქუსლის ძვლის გამონაზარდი
  10. ოსტეომიელიტი
  11. პერიფერიული ნეიროპათია
  12. მოყოლილი ნერვი
  13. პლანტარული ფასციიტი (ფეხის ქუსლის დეზი)
  14. რეუმატოიდული ართრიტი
  15. დატვირთვის მოტეხილობა
  16. ტარსალ ტუნელის (გვირაბის) სინდრომი
  17. ტენდინიტი

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ:

  • ძლიერი ტკივილი და შეშუპება ქუსლთან
  • ფეხის მოხრის გაძნელება ან სიარულის პრობლემა
  • ქუსლის ტკივილი, სიცხე, დაბუჟება
  • დაზიანების შემდგომი ძლიერი ტკივილი

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ:

  • ტკივილი, რომელიც მოსვენებით მდგომარეობაშიც გრძელდება
  • ტკივილი, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად მოსვენების, ცივი კომპრესების და სხვა მკურნალობისა

მკურნალობა სახლის პირობებში:
ქუსლის ტკივილი ხშირად თავად გაივლის სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ. სცადეთ:

  • დაასვენეთ ფეხი. მოერიდეთ აქტივობებს, რომლებიც ქუსლს ტვირთავს, მაგ.: სირბილი, ხანგრძლივი დგომა ან მაგარ ზედაპირზე სიარული
  • დაიდეთ ყინული. დაიდეთ ყინულის შეკვრა ან გაყინული ბოსტნეულის პაკეტი 15–20 წუთით, დღეში სამჯერ
  • გამოცვალეთ ფეხსაცმელი. დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი კარგად გერგებათ და ხელს უწყობს ფეხის ნორმალურ გაშლას. თუ ხართ ათლეტი, შეარჩიეთ ფეხსაცმელი სპორტის სახეობის მიხედვით და გამოცვალეთ რეგულარულად.
  • გამოიყენეთ ტერფის სუპონატორები. სუპინატორები, რომლებიც იდგმება ქუსლთან და იყიდება აფთიაქებშიც კი, ხშირად გაგრძნობინებთ უკეთესობას. ინდივიდუალურად დამზადებული ორთოპედიული ხელსაწყოები ძირითადად არ არის საჭირო ქუსლის ტკივილისათვის.
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები. ასპირინი ან იბუპროფენი შეამცირებს ანთებასა და ტკივილს.