სისხლდენა ცხვირიდან

სიმპტომის აღწერა

ცხვირიდან სისხლდენის დროს ვითარდება ცხვირის შიგნითა ნაწილიდან სისხლის დენა. ბევრ ადამიანს აქვს იშვიათი სისხლდენა, აგრეთვე ცნობილი როგორც ეპისტაქსისი. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება საშიში იყოს, თუმცა როგორც წესი ის მცირე დისკომფორტს წარმოადგენს. ცხვირიდან სისხლდენა ითვლება ხშირად, თუ იგი ვითარდება კვირაში ერთზე მეტჯერ.

მიმართეთ სასწრაფო დახმარებას თუ ცხვირიდან სისხლდენა არის მწვავე, გრძელდება 30 წუთზე მეტი, ხელს უშლის სუნთქვას ან განვითარდა ტრავმის შედეგად.

გამომწვევი მიზეზი

ცხვირის ამომფენი ზედაპირი შეიცავს ბევრ უწვრილეს სისხლძარღვს, რომლებიც განლაგებულია ზედაპირთან ახლოს და ადვილად ზიანდებიან.

ცხვირიდან სისხლდენის ორი ყველაზე ხშირი მიზეზია:

  1. მშრალი ჰაერი — როცა ცხვირის ზედაპირი გამოშრება, იზრდება შანსი სისხლდენის და ინფექციის
  2. ცხვირის თითით გაღიზიანება

ცხვირიდან სისხლდენის სხვა მიზეზები:

  1. მწვავე სინუსიტი
  2. ალერგია
  3. ასპირინის მიღება
  4. სისხლის გამათხელებლები (ანტიკოაგულანტები), მაგ. ვარფარინი და ჰეპარინი
  5. ქიმიური გამღიზიანებლები, მაგ. ამიაკი.
  6. ქრონიკული სინუსიტი
  7. კოკაინის გამოყენება
  8. გაციება
  9. გამრუდებული ძგიდე
  10. უცხო სხეული ცხვირში
  11. ცხვირის სპრეის ხშირი გამოყენება, მაგალითად ალერგიების დროს
  12. არაალერგიული რინიტი
  13. ცხვირის ტრავმა

ცხვირიდან სისხლდენის ნაკლებად ხშირი მიზეზებია:

  1. ალკოჰოლის მოხმარება
  2. ჰემოფილია
  3. თანდაყოლილი ჰემორაგიული ტელანგიექტაზია
  4. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
  5. ლეიკემია
  6. ცხვირში პოლიპები
  7. ცხვირის ოპერაცია
  8. ცხვირის სიმსივნე
  9. სარკოიდოზი

კვლევების მიხედვით არ დადასტურდა კავშირი სისხლის მაღალ წნევასა და ცხვირიდან სისხლდენებს შორის. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სისხლის მაღალ წნევას შეუძლია გაახანგრძლივოს უკვე არსებული სისხლდენა ცხვირიდან.

როდის მივმართოთ ექიმს

ცხვირიდან სისხლდენების უმეტესობა არ არის სერიოზული და შეწყდება თავისით ან დამხმარე ზომების მიღების შემდეგ.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ სისხლდენა:

  • მოიცავს მოსალოდნელზე მეტ სისხლს
  • ართულებს სუნთქვას
  • არ ჩერდება 30 წუთში, ხელის დაჭერის შემდეგაც კი
  • განვითარდა ტრავმის, მაგალითად ავტოვარიის შედეგად

არ დაჯდეთ საჭესთან თუ დიდი რაოდენობის სისხლს კარგავთ. დაურეკეთ სასწრაფოს ან სთხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ სასწრაფო დახმარების პუნქტში.

გაესაუბრეთ ექიმს თუ გაქვთ ხშირი სისხლდენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადვილად აჩერებთ მას. მნიშვნელოვანია დადგინდეს ხშირი სისხლდენის მიზეზი.

თვითმკურნალობის ნაბიჯები იშვიათი სისხლდენების დროს:

  • წამოჯექით და წინ გადაიხარეთ: წამოჯდომით ამცირებთ სისხლის წნევას ცხვირის ვენებში. ეს ხელს უშლის შემდგომ სისხლდენას. წინ გადახრით აირიდებთ სისხლის გადაყლაპვას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება.
  • მოუჭირეთ ცხვირს: ცერა და საჩვენებელი თითებით მოუჭირეთ და ბოლომდე დაახშეთ ორივე ნესტო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა მხოლოდ ერთი ნესტოდანაა. ისუნთქეთ პირით. მოჭერა გააგრძელეთ 5-დან 10 წუთამდე. ეს მანევრი ზეწოლას ახდენს ცხვირის ძგიდეზე სისხლდენის წერტილზე და ხშირ შემთხვევაში აჩერებს სისხლდენას.
  • გაიმეორეთ: თუ სისხლდენა არ შეწყდა, გაიმეორეთ ეს ნაბიჯები 15 წუთის განმავლობაში.

სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ, მისი გაგრძელების თავის ასარიდებლად, არ გააღიზიანოთ ცხვირი, არ მოიხოცოთ იგი და არ დაიხაროთ რამდენიმე საათის განმავლობაში. თავი გეჭიროთ გულის დონეზე მაღლა.