ტერფის ტკივილი
სიმპტომის აღწერა
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს.
ტერფის ტკივილი მის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება შეგვხვდეს, ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე (ქუსლთან).
მსუბუქი ტკივილი სახლის პირობებშიც შეიძლება მორჩეს, თუმცა გარკვეულ დროს საჭიროებს.ძლიერი ტკივილი აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს, განსაკუთრებით თუ ის ტრავმის შედეგად დაიწყო.
გამომწვევი მიზეზი
დაზიანება, დატვირთვა ან ანთებითი მდგომარეობა ძვალზე, იოგზე ან მყესზე შესაძლოა ტერფის ტკივილის მიზეზი გახდეს. ართრიტიც ხშირად იწვევს ტკივილს. ტერფის ნერვების დაზიანება შესაძლოა ძლიერ ტკივილთან იყოს ასოცირებული, წვის შეგრძნებით ან პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნებით (დაბუჟება).
ტერფის ტკივილის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
- აქილევსის ტენდინიტი
- აქილევსის მყესის რუპტურა (გახევა)
- მოტეხილობა
- ძვლოვანი გამონაზარდი
- კოჭის/ფეხის მოტეხილობა
- ცერა თითის მოტეხილობა
- ბუნიონები
- ბურსიტი
- კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი
- კალუსები (გამონაზარდები)
- დიაბეტური ნეიროპათია
- ბრტყელი ტერფი
- ნეკრისის ქარი (პოდაგრა)
- ცერა თითის დეფორმაციები
- მაღალქუსლიანი ან ცუდი ფორმის ფეხსაცმელი
- ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა
- მეტატარსალგია
- მორტონის ნეირომა
- ოსტეოართრიტი
- ოსტეომიელიტი
- პაჯეტის ძვლის დაავადება
- პერიფერიული ნეიროპათია
- პლანტარული ფასციიტი (ფეხის ქუსლის დეზი)
- მეჭეჭები
- რეუმატოიდული ართრიტი
- სეპტიური ართრიტი
- დატვირთვის მოტეხილობა
- ტარსალ ტუნელის (გვირაბის) სინდრომი
- ტენდინიტი
- სიმსივნე
როდის მივმართოთ ექიმს
შედარებით მსუბუქი ტკივილიც კი ხშირად ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. ძირითადად, სახლის პირობებში მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა და უსაფრთხოა.
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:
- გაქვთ ძლიერი ტკივილი და შეშუპება
- გაქვთ ღია ჭრილობა ან დაჩირქებული ჭრილობა
- გაქვთ ინფექციის ნიშნები, მაგ.: შეწითლება, სითბო, მგრძნობელობის მომატება, სიცხე (37.8 და მეტი)
- ვერ დადიხართ
- გაქვთ დიაბეტი და ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება, არის ღრმა, შეწითლებული, შეშუპებული და თბილი შეხებისას.
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:
- შეშუპება, რომელიც არ რჩება 2–5 დღის შემდეგ
- ტკივილი, რომელიც არ რჩება რამდენიმე კვირაა
- წვის შეგრძნება, დაბუჟება, განსაკუთრებით თუ მოიცავს ტერფის მთლიან ქვედა ნაწილს
მკურნალობა სახლის პირობებში:
თუ ფეხის ტკივილი დაზიანებამ ან დატვირთვამ გამოიწვია, ის ხშირად სახლის პირობებშიც გაივლის, ცივის დადებით და მოსვენებით. თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც აუარესებენ ტკივილს. დაიდეთ ყინული ტერფზე 15–20 წუთის განმავლობაში, რამდენჯერმე დღეში. ანტი–ანთებითი საშუალებები დაგეხმარებათ ტკივილის გაყუჩებასა და შეშუპების დაცხრობაში.
საუკეთესო მკურნალობის შემდეგაც კი, შესაძლოა გქონდეთ გაშეშების შეგრძნება ან ტკივილი, განსაკუთრებით დილით ან დატვირთვისას, რამდენიმე კვირის განმავლობაში.თუ ვერ ხვდებით, რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი ან თუ ტკივილი ვრცელდება ორივე ფეხზე, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მიმართეთ ექიმს სახლის პირობებში მკურნალობის გარეშე.