ზურგის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

ხერხემალი 30–ზე მეტი ძვლისაგან (მალები) შემდგარი სვეტია, რომელსაც კუნთები, მყესები და იოგები ამაგრებენ, ხოლო მალთაშუა დისკები რბილი ქსოვილია, რომელიც ძვლებს შორის ხახუნსა და დაზიანებებს ამცირებს. ხერხემლის ნებისმიერი ნაწილის პრობლემას შეიძლება ახლდეს ზურგის ტკივილი. ზოგიერთი ადამიანისთვის, ეს ტკივილი უბრალოდ გამაღიზიანებელია, ზოგისთვის კი შესაძლოა გაუსაძლისიც კი იყოს და მთლიანად შეზღუდოს ადამიანის მოძრაობა.

უმრავლესად, ზურგის ტკივილი თავად გაივლის დაწყებიდან 2–4 კვირის შემდეგ. ქირურგიული ჩარევა იშვიათი უცილებლობაა, რომელსაც მკურნალობის საბოლოო მეთოდად იყენებენ.

გამომწვევი მიზეზი

ზურგის ტკივილის ხშირი გამომწვევი მიზეზი კუნთის დაზიანება (დაჭიმვა) ან იოგის დაზიანებაა. ეს დაზიანებები კი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად: არასწორი მოძრაობები სიმძიმის აწევისას, ხერხემლის არასწორი პოზიცია ჯდომისას და ვარჯიშის ნაკლებობა. ზედმეტი წონა კუნთებისა და იოგების დაჭიმვის რისკს საგრძნობლად ზრდის.

ზურგის ტკივილი შესაძლოა უფრო მძიმე დაზიანების ნიშანი იყოს. ასეთებია მალას მოტეხილობა, მალთაშუა დისკის დაზიანება, ართრიტი, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ხერხემალში და გარკვეული ინფექციებიც.

ზურგის ტკივილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. მაანკილოზებელი სპონდილიტი
  2. ფიბრომიალგია
  3. დისკის თიაქარი
  4. თირკმლის ინფექცია
  5. ჭარბწონიანობა
  6. ოსტეოართრიტი
  7. ოსტეომიელიტი
  8. ოსტეოპოროზი
  9. პაჯეტის ძვლის დაავადება
  10. უხეირო პოზა
  11. ორსულობა
  12. საკროილიიტი
  13. თეძოს ნერვის ანთება
  14. სქოლიოზი
  15. მალას მოტეხილობა (განსაკუთრებით მოხუცებში)
  16. სპინალური სტენოზი
  17. დაჭიმვა ან დაძაბვა

როდის მივმართოთ ექიმს

ძირითადად, ზურგის ტკივილი რამდენიმე კვირაში გაივლის.თუ ტკივილის გამო თავს ცუდად გრძნობთ, დაისვენეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ წოლითი რეჟიმი. რამდენიმე დღის შემდეგ, წოლითმა რეჟიმმა შესაძლოა გააუარესოს თქვენი სიმპტომი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები, ან დაიდოთ ცივი ან თბილი კომპრესი დაზიანებულ არეში. 

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან
დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ ტკივილი გასტანს სამ დღეზე მეტს და სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა და თუ:

  • თქვენი ტკივილი არის ინტენსიური, განსაკუთებით ღამით, მწოლიარე მდგომარეობაში
  • ვრცელდება ცალ ან ორივე ფეხზე, განსაკუთებით მუხლს ქვემოთ
  • იწვევს დაბუჟებას ცალ ან ორივე ფეხში
  • თან ახლავს უჩვეულოდ გახდომა
  • თან ახლავს სიწითლე და შეშუპება ზურგზე

დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
დარეკეთ 112–ზე ან სთხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე, თუ:

  • ტკივილი განვითარდა ტრავმის შედეგად (ავარია, სპორტი, დაცემა)
  • ტკივილს თან ახლავს შარდვასთან ან დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ტკივილს თან ახლავს სიცხე