უფასო აქცია – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯანდარა
გარდაბნის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია პედიატრის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, ნევროლოგის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ გარდაბნის სამედიცინო ცენტრიდან ჩასული ლაბორატორიული, ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, რაც დიაგნოზების დიფერენცირების და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის, პრევენციის სწორად განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. შესაძლებელი გახდა 150-მდე ადამიანის გასინჯვა. გამოვლინდა 20-მდე პაციენტი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პათოლოგიებით. 15 შემთხვევაში ექოსკოპიურად დადგინდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და პაციენტებს მიეცა კონსულტაცია გაღრმავებული კვლევისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე. 5 პაციენტთან გამოიკვეთა ქირურგიული პათოლოგია. ჯამში – 200-მდე კონსულტაცია გაიცა, ჩატარდა 45-მდე ლაბორატორიული ანალიზი. მედიკოსების ყურადღება მიიქცია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მზარდმა რაოდენობამ, ასევე, ფილტვის ობსტრუქციულმა დაავადებებმა. აღნიშნული პათოლოგიები გამოვლინდა პირველადად და პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიგეგმა ღონისძიებები.
მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.