უფასო აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში
გარდაბნის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების კალინინოს, თაზაქენდის, ბოტანიკა და ბირლიკის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ გარდაბნის სამედიცინო ცენტრიდან ჩასული ლაბორატორიული, ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, რაც დიაგნოზების დიფერენცირების და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის, პრევენციის სწორად განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. შესაძლებელი გახდა 200-მდე ადამიანის გასინჯვა. გამოვლინდა 35 პაციენტი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პათოლოგიებით. დაიგეგმა დამატებითი კვლევები და კონსულტაციები და განისაზღვრა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. გამოიკვეთა 2 ანგიოქირურგიული შემთხვევა ენდარტერიტითა და ვარიკოზით გამოხატული. ასევე, 7 შემთხვევაში ექოსკოპიურად დადგინდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და პაციენტი კონსულტირებულ იქნა გაღრმავებული კვლევისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე. 8 პაციენტთან გამოიკვეთა ქირურგიული პათოლოგია. ჯამში – 250-მდე კონსულტაცია გაიცა, ჩატარდა 45-მდე ლაბორატორიული ანალიზი, 12 პაციენტს მიეცა რეკომენდაცია გულის ულტრასონოგრაფიული კვლევის თაობაზე.
პირველადად გამოვლინდა ქრონიკული პათოლოგიები. პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიგეგმა ღონისძიებები. მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ პაციენტს ადგილზევე დაუდგინდა მწვავე ინფარქტი კარდიოგრამაზე გამოხატული სპეციფიური ცვლილებებით და იქვე სოფლის ექიმების ჩართულობით, განხორციელდა შემთხვევის ადმინისტრირება პროტოკოლით დადგენილი წესის შესაბამისად.