USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს

06 მაი, 2022

მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის  ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.

,,ჯეო ჰოსპიტალსი“ დღის წესრიგში აყენებს საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება სათანადო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი განხორციელებისათვის საგანმანათლებლო სიმძლავრეების შექმნას, ასევე, საექთნო პერსონალისათვის აღნიშნულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. „საექთნო ადამიანური რესურსის განვითარება „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“-განაცხადა  ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა. მისივე თქმით  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს სასწავლო ცენტრისა და მისი რეგიონული ფილიალების (ქუთაისი, მარნეული, გურჯაანი, მცხეთა) პერსონალის მზადების მძლავრ ტრენინგ-ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ „ჯეო ჰოსპიტალს“-ს, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც. სწორედ ამიტომ კომპანია  ჩაერთო USAID -ის საგრანტო კონკურსში და შესაბამისი გრანტიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ USAID-სა და „ჯეო ჰოსპიტალს“-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომელიც უზრუნველყოფს „ჯეოჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას. საგრანტო პროექტის მენეჯერის ნათია ნოღაიდელის განმარტებით, პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საექთნო პროგრამების მომზადება, სასწავლო ცენტრებისათვის სათანადო პედაგოგიური რესურსის მობილიზება, ასევე, ტრენინგ-ცენტრის აღჭურვა. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 4 რეგიონული საექთნო სასწავლო ცენტრი (ქუთაისი, მცხეთა, გურჯაანი, მარნეული). პროექტის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და იქ დასაქმებული პერსონალის უმრავლესობაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მოხდება მათი შესაძლებლობების გაძლიერება.

წყარო:
https://www.facebook.com/watch/?v=4944753725560850
https://www.youtube.com/watch?v=vh5G1DP8j7E