USAID „ჯეო ჰოსპიტალსთან“ თანამშრომლობით მორიგ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
2 ნოემბერს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრში USAID-სა და „ჯეო ჰოსპიტალსს“ შორის თანამშრომლობის მორიგი ხელშეკრულება გაფორმდა.
ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით – ერინ მაქქიმი დაესწრო, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა სტუმარს ადგილზე გააცნო კომპანიის შესაძლებლობები და ის რესურსები, რომლის ფარგლებშიც საექთნო გადამზადების ცენტრები მოეწყობა, რაც რეგიონში საექთნო პრაქტიკის უწყვეტი განვითარების საფუძველი გახდება. თავის მხრივ, ერინ მაქქიმმა გამოთქვა მადლიერება „ჯეო ჰოსპიტალსთან“ თანამშრომლობისა და პატრნიორობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეები პროგრამის ფარგლებში ქვეყნისა და რეგიონისათვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებენ.
საპარტნიორო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა. ორმხრივი დოკუმენტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა.
„პროექტის ფარგლებში ხელშკრულება გაფორმდა. საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრები და გადამზადდებიან ექთნები. „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე ჩამოყალიბებულ სასწავლო ცენტრებში დაინერგება საერთაშორისო საექთნო საგანმანათლებლო სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს საექთნო პერსონალის კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას. აღნიშნული შექმნის საშუალებას, ხარისხის ზრდის ფონზე სექტორში მოხდეს საექთნო პერსონალის ანაზრღაურების მატება. დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით რეგიონში გაიზრდება საექთნო პერსონალის დასაქმების შესაძლებლობებიც. ვთვლით, რომ USAID-თან პარტნიორობის ნაწილში ეს ქსელის ახალი გამოწვევა და ზრდის შესაძლებლობაა,“ – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, რომლის თქმით კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განვითარებასა და ზრდაზე და მსგავსი პროექტების კარგი გამოცდილება გააჩნია, ახალი გამოწვევებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
„ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას და, ამავდროულად, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეულსა და საგარეჯოში გახსნის ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის ცენტრებს, სადაც პედიატრიული, ქირურგიული და ინტენსიური/კრიტიკული მოვლის ექთნები მომზადდებიან; აღნიშნული დაეხმარება შიდა ქართლსა და კახეთში დასაქმებულ ექთნებს დააკმაყოფილონ ავტორიზაციის მოთხოვნები, რომელიც საექთნო პერსონალის მიმართ მარეგულირებელი ჩარჩოთი განისაზღვრება,“ – განაცხადა USAID-ის პროექტის მენეჯერმა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა; მისივე თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოში ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი საექთნო პროგრამები დაინერგოს, რაც ხარისხიანი ჯანდაცვის წინაპირობაა. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება 123 ათასი აშშ დოლარია, სადაც პარტნიორები თანაბრად ინაწილებენ ფინანსურ ჩართულობას.
„USAID -ის მიზანია, რომ საქართველო გახდეს უფრო წარმატებული, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და თვითონ ევროკავშირის წევრობა, არის საუკეთესო გარანტია საქართველოსთვის, რომ იყოს წარმატებული და ძლიერი ქვეყანა. ეს პარტნიორობა „ჯეო ჰოსპიტალთან“ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემებზე წვდომას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისთვის მარნეულში და საქართველოს სხვა რეგიონებში,” – აღნიშნა ელჩმა ერინ მაქიმმა ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ.
პროგრამის დახმარებით, „ჯეო ჰოსპიტალსი“ დააფუძნებს საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესების ცენტრებს ქვემო ქართლის (მარნეული) და კახეთის (საგარეჯო) რეგიონებში, სადაც დაინერგება ექთნების დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის და უწყვეტი განათლების მდგრადი სისტემა და განხორციელდება სასწავლო პროგრამები ევროკავშირის, კერძოდ, პოლონეთის, წარმატებული სასწავლო მოდელის მიხედვით. აღნიშნული უზრუნველყოფს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ორ ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრში საექთნო პრაქტიკის უწყვეტ განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე: ქირურგიული, პედიატრიული და ინტენსიური (კრიტიკული) განყოფილებების ექთნების გადამზადებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, „ჯეო ჰოსპიტალსი“ მიზნად ისახავს 320 ექთნის გადამზადებას. კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული ინტერვენცია პასუხობს კვალიფიციური საექთნო პერსონალის დეფიციტს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში. ექთნების უწყვეტი განვითარების სისტემის დანერგვით „ჯეო ჰოსპიტალსი“ შექმნის მყარ ბაზისს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული საექთნო საქმიანობის მარეგულირებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით, „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საექთნო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება ოთხ სასწავლო ცენტრში – გურჯაანში, მარნეულში, მცხეთასა და ქუთაისში.
საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.