ზურაბ ქიტოშვილი: ,,ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის ფონზე, არსებული სატარიფო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“

22 ივლ, 2021

ქვეყნის წამყვანი ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კოვიდ პანდემიის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობასა და მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სატარიფო პოლიტიკა, რომელიც   წლებია არ შეცვლილა.  ,,ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც დღეს ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მისი შემდგომი განვითარება არსებული სატარიფო პოლიტიკის შენარჩუნების  პირობებში შეუძლებელი გახდება. ფინანსური ინფლაციის, გაორმაგებული საბაზრო ღირებულებებისა და გაძვირებული ელექტროენერგიის ფონზე, თუ არ გადაიხედება ტარიფები ბიზნესისთვის შიდა ინვესტირების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა შეუძლებელი გახდება“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის  გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, მისივე თქმით აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.  ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას, ამიტომ გეგმავს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემის მოგვარების საკითხში და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა ,,საქმიან დილაში” სტუმრობისას, რომლის თქმითაც კომპანიისთვის, რომელიც  სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, აუცილებელია არსებობდეს გრძელვადიანი სატარიფო პოლიტიკა ,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია 9 წლის თავზე, საყოველთაო ჯანდაცვამ განიცადოს რეფორმა და გვაქვს პოზიტიური რეფორმის მოლოდინიც, სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს სურვილი რომ უფრო ეფექტური და მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, დღეს ისევ ის ტარიფები მოქმედებს, რაც 2011-13 წლებში …“-განაცხადა კობახიძემ .

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდება ჩარჩო დოკუმენტი, სადაც განხილული პრობლემატიკა და მისი მოგვარების გზები იქნება წარმოდგენილი.