B ჰეპატიტი
დაავადების აღწერა
B ჰეპატიტი ღვიძლის სერიოზული ინფექციაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი. ზოგ ადამიანში B ჰეპატიტი ქრონიკული ხდება, ანუ გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს. ქრონიკული B ჰეპატიტის არსებობა ზრდის ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის სიმსივნის და ციროზის (ღვიძლის მუდმივი დაზიანება) განვითარების რისკს.
B ჰეპატიტით დაინფიცირებულ ზრდასრულთა უმეტესობა სრულად გამონაჯნმრთელდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვავე ნიშნები და სიმპტომები აქვთ. ჩვილები და ბავშვები ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ვაქცინას შეუძლია თავიდან აგვარიდოს B ჰეპატიტი, თუმცა მისი მკურნალობა შეუძლებელია. თუ დაინფიცირდით, მიიღეთ ზომები, რათა არ გაავრცელოთ დაავადება.
გამომწვევი მიზეზი
B ჰეპატიტს იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი. ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა სისხლით, სპერმით ან სხვა ბიოლოგიური სითხით.
B ჰეპატიტის ხშირი გადაცემის გზებია:
- სქესობრივი კონტაქტი. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ თუ გექნებათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ადამიანთან, რომლის სისხლი, ნერწყვი, სპერმა ან საშოს გამონადენი თქვენს ორგანიზმში მოხვდება.
- ნემსების გაზიარება. B ჰეპატიტი ადვილად გადაეცემა დაინფიცირებული სისხლით დაბინძურებული ნემსებითა და შპრიცებით. ინტრავენური ნარკოტიკების ატრიბუტების გაზიარება ზრდის B ჰეპატიტის რისკს.
- ნემსის შემთხვევით შერჭობა. B ჰეპატიტის დიდი რისკის ქვეშ არიან სამედიცინო პერსონალი და ყველა სხვა, ვინც ახლო კონტაქტშია სისხლთან.
- დედიდან შვილზე. ფეხმძიმე B ჰეპატიტით დაინფიცირებულმა დედებმა შეიძლება გადასდონ შვილებს ვირუსი მშობიარობის დროს. საბედნიეროდ, ახალშობილთა ვაქცინაციის შემთხვევაში თითქმის ყველა შემთხვევაში არიდებულია ინფექციის განვითარება. გაესაუბრეთ ექიმს B ჰეპატიტზე ტესტირებაზე თუ ფეხმძიმედ ხართ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას.
მწვავე vs. ქრონიკული B ჰეპატიტი
B ჰეპატიტის ინფექცია შეიძლება იყოს ხანმოკლე (მწვავე) ან ხანგრძლივი (ქრონიკული).
მწვავე B ჰეპატიტის ინფექცია გრძელდება 6 თვეზე ნაკლები. თქვენი იმუნური სისტემა დიდი ალბათობით გაანადგურებს B ჰეპატიტის ვირუსებს და რამდენიმე თვეში სრულად გამოჯანმრთელდებით. ადამიანთა უმეტესობას, ვინც ზრდასრულობის ასაკში შეიძენს B ჰეპატიტს უვითარდება მწვავე ინფექცია, თუმცა გამორიცხული არაა ქრონიკული ინფექციის განვითარებას.
ქრონიკული ინფექცია გრძელდება 6 თვე ან მეტი. როდესაც თქვენი იმუნური სისტემა ვერ ანადგურებს მწვავე ინფექციას, B ჰეპატიტი შეიძლება გახდეს ქრონიკული და გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორებიცაა ციროზი და ღვიძლის კიბო.
რაც უფრო ადრეულ ასაკში შეიძენთ B ჰეპატიტს – განსაკუთრებით ახალშობილობისას და 5 წლამდე ასაკში – მით უფრო დიდია ქრონიკული ინფექციის განვითარების რისკი. ქრონიკული ინფექცია შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს სანამ არ გამოვლინდება ღვიძლის მძიმე დაზიანება.
სიმპტომები
B ჰეპატიტის სიმპტომები მერყეობს მსუბუქიდან მწვავემდე და ჩნდება დაინფიცირებიდან 1-4 თვის შემდეგ. B ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი
- მუქი შარდი
- ცხელება
- სახსრის ტკივილი
- მადის დაკარგვა
- გულისრევა და პირღებინება
- სისუსტე და დაღლილობა
- კანის და თვალის თეთრი ნაწილის შეყვითლება (სიყვითლე)
როდის მივმართოთ ექიმს
თუ იცით, რომ კონტაქტი გქონდათ B ჰეპატიტის ვირუსთან, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. პრევენციული ზომების მიღებას შეუძლია შეამციროს ინფექციის განვითარების რისკი თუ მკურნალობას ვირუსთან კონტაქტიდან 24 საათის განმავლობაში ჩაიტარებთ.
თუ გგონიათ, რომ გაქვთ B ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.