C ჰეპატიტი
დაავადების აღწერა
C ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც უტევს ღვიძლს და იწვევს მის ანთებას. C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა უმეტესობას სიმპტომები არ აქვთ. უფრო მეტიც, ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს, სანამ ათწლეულების შემდეგ ღვიძლის დაზიანება რუტინული ლაბორატორიული კვლევების შედეგეზე არ გამოჩნდება.
C ჰეპატიტი არის ჰეპატიტის ვირუსებიდან ერთერთი და მიიჩნევა ამ ჯგუფის ვირუსებიდან ერთერთ ყველაზე სერიოზულად. C ჰეპატიტი გადაეცემა დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით, ძირითადად ნარკოტიკების მიღების დროს საერთო ნემსის გამოყენებით.
გამომწვევი მიზეზი
C ჰეპატიტს იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ვირუსის შემცვლელ სისხლთან კონტაქტით.
სიმპტომები
C ჰეპატიტის ინფექცია არ იძლევა სიმპტომებს ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიებამდე. ადრეულ სტადიებზე, ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 თვის შემდეგ, დაავადებულ ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა
- გულისრევა და მადის დაქვეითება
- მუცლის ტკივილი
- მუქი ფერის შარდი
- კანისა და თვალების შეყვითლება (სიყვითლე)
- ტემპერატურის მომატება
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
ქრონიკული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები წლების შემდეგ ვლინდება და ვირუსის მიერ ღვიძლის დაზიანების შედეგია. ეს სიმპტომები შეიძლება მწვავე ინფექციის სიმპტომებსაც მოიცავდეს. ეს სიმპტომებია:
- სისხლდენის ადვილად განვითარება
- სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება
- კანის ქავილი
- სითხის დაგროვება მუცელში (ასციტი)
- ფეხების შეშუპება
- წონაში დაკლება
- დაბნეულობა, მიძინებულობა და გაუგებარი მეტყველება (ჰეპატური ენცეფალოპათია)
- ობობას ქსელისმაგვარი სისხლძარღვები კანზე (ობობას ანგიომები)
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე.