ჩირქოვანი ჰიდრადენიტი

დაავადების აღწერა

ჰიდრადენიტი არის ქრონიკული კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება მუხუდოს ან მარმარილოს ზომის კანქვეშა კვანძები. ეს ღრმად მდებარე კვანძები ჩვეულებრივ ვითარდება კანის ერთმანეთთან ხახუნის ადგილებში. ესენია: იღლიები, საზარდული, დუნდულოებს შორის და ძუძუს ქვეშ.

ჰიდრადენიტის დროს განვითარებული კვანძები მტკივნეულია და მათი გახსნის შემთხვევაში შეიძლება არასასიამოვნო სუნის ჩირქი გადმოვიდეს. ბევრ შემთხვევაში კანქვეშ წარმოიქმნება კვანძების დამაკავშირებელი არხები.

ჰიდრადენიტი ვითარდება გარდატეხის ასაკის შემდეგ, გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და დროთა განმავლობაში უარესდება. ადრეულ დიაგნოზს და მკურნალობის შედეგად შეიძლება ჰიდრადენიტის სიმპტომების მართვა და ახალი დაზიანებების განვითარების თავიდან აცილება.

გამომწვევი მიზეზი

ჰიდრადენიტი ვითარდება, როდესაც თმის ფოლიკულების დახშობის შედეგად ვითარდება ანთება. უცნობია რა იწვევს ამ დახშობას, თუმცა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ჰორმონები, გენეტიკა, თამბაქოს მოწევა და ჭარბი წონა, თამაშობს როლს.

სიმპტომები

ჰიდრადენიტი ძირითადად ვითარდება თმის ფოლიკულების გარშემო, სადაც ბევრი ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვალი იყრის თავს. ასეთი ადგილებია იღლიები, საზარდული და ანალური არე. იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ადგილებში, სადაც კანი ერთმანეთს ეხახუნება, მაგალითად ძუძუს ქვეშ ან დუნდულოებს შორის. ჰიდრადენიტი შეიძლება განვითარდეს სხეულის ერთ ან მრავალ ნაწილში.

ჰიდრადენიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • აკნე. წყვილ-წყვილად განვითარებული აკნე დამახასიათებელი ნიშანია.
  • წითელი, მგრძნობიარე კვანძები. ეს კვანძები ხშირად სკდება და წარმოქმნის ჩირქს. გადმოსულ ჩირქს შეიძლება უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. კვანძებს შეიძლება თან ახლავდეს ქავილი, წვის შეგრძნება და ჭარბი ოფლიანობა.
  • მტკივნეული, მუხუდოს ზომის კვანძები. ეს მაგარი კვანძები ვითარდება კანქვეშ და ხანდახან რჩება მრავალი წლის განმავლობაში, ზომაში იზრდება და ვითარდება ანთება.
  • სველი კვანძები ან წყლულები. ეს ღია წყლულები ძალიან ნელა შუშდება და ხშირად იწვევს ფიბროზს და კანქვეშა არხების განვითარებას.



ჰიდრადენიტი ხშირად ვლინდება გარდატეხის ასაკის შემდეგ ერთი მტკივნეული კვანძის სახით, რომელიც კვირების ან თვეების განმავლობაში არ ქრება. ზოგ ადამიანს უმძიმდება დაავადება და კვანძები სხეულის მრავალ ნაწილზე უვითარდება. სხვებს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ. ჭარბი წონა, სტრესი, ჰორმონული ცვლილებები, გარემოს მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ოფლიანობა ამწვავებს სიმპტომებს.

როდის მივმართოთ ექიმს

ჰიდრადენიტის მსუბუქი ფორმების დროს თვითმკურნალობა საკმარისია. მიმართეთ ექიმს, თუ მდგომარეობა:

  • მტკივნეულია
  • არ უკეთესდება რამდენიმე კვირის შემდეგ
  • მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხელახლა ჩნდება
  • ვლინდება მრავალ ადგილზე
  • ხშირად ხელახლა ვითარდება