სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) ბავშვებში
დაავადების აღწერა
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) ბავშვებში არის სისხლის ის წნევა, რომელიც მეტია იგივე ასაკის, სქესის და სიმაღლის ბავშვების 95%-ის წნევაზე. იმის გამო, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად სისხლის წნევის ნორმა იცვლება, რთულია ბავშვებში ჰიპერტენზიის კონკრეტული საზღვრის დადგენა.
10 წლამდე ბავშვებში ჰიპერტენზიას ხშირად სხვა დაავადება იწვევს. ჰიპერტენზია ბავშვებში შეიძლება იგივე მიზეზებით განვითარდეს, რითიც ზრდასრულებში. ესენია ჭარბწონიანობა, არაჯანსაღი კვება და არასაკმარისი ვარჯიში.
ცხოვრების წესის ცვლილებებს, მაგალითად ჯანსაღ კვებას და ვარჯიშის დაწყებას შეუძლია შეამციროს სისხლის წნევა ბავშვებში. ზოგ ბავშვს შეიძლება წამლების მიღება დაჭირდეს.
გამომწვევი მიზეზი
ბავშვებში სისხლის მაღალი წნევა ხშირად დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან, მაგალითად გულის დეფექტებთან, თირკმლის დაავადებასთან, გენეტიკურ დაავადებებთან და ჰორმონულ დარღვევებთან. უფროს ბავშვებში, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში, სისხლის მაღალი წნევის მიზეზი ხშირად ვერ დგინდება.
სიმპტომები
სისხლის მაღალი წნევა ბავშვებში როგორც წესი არ იწვევს სიმპტომებს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ბავშვს სხვა დაავადება არ აქვს, როგორც წესი არ არის საჭირო ბავშვის წნევის შესამოწმებლად ექიმთან მიყვანა. დაწყებული 3 წლის ასაკიდან ექიმმა რუტინული ვიზიტების დროს უნდა გასინჯოს სისხლის წნევა.
თუ თქვენს შვილს აქვს მდგომარეობა, რომელიც ზრდის ჰიპერტენზიის რისკს, მაგალითად ნაადრევი მშობიარობა, დაბადებისას მცირე წონა, გულის თანდაყოლილი დაავადება ან თირკმლის პრობლემები, სისხლის წნევის გაზომვა შეიძლება ჩვილობის ასაკიდან გახდეს საჭირო.
თუ გაშფოთებთ ბავშვის ჰიპერტენზიის რომელიმე რისკ ფაქტორი, მაგალითად სიმსუქნე, გაესაუბრეთ ექიმს. მან შეიძლება გირჩიოთ წნევის ხშირი გაზომვა.