ბრადიკარდია

დაავადების აღწერა

ბრადიკარდია ნიშნავს ნორმაზე დაბალ გულისცემათა რაოდენობას წუთში. გული ძირითადად 60დან 100მდე შეკუმშვას ასრულებს წუთში, მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ გაქვთ ბრადიკარდია, გული წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებს ასრულებს.

ბრადიკარდია შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, თუ გული ჟანგბადით მდიდარ სისხლს ვერ მიაწვდის სხეულს. ზოგიერთ ადამიანში კი ბრადიკარდია არ იწვევს სიმპტომებს ან გართულებებს.

იმპლანტირებული ფეისმეიქერი ან სხვა მკურნალობა ეფექტურია ბრადიკარდიის დროს და უზრუნველყოფს გულის ნორმალურ მუშაობას.

გამომწვევი მიზეზი

ბრადიკარდიას იწვევს რაიმე დარღვევა, რომელიც ელექტრული იმპულსების ნორმალურ გატარებას უშლის ხელს. იმპულსები გულის ფუნქციისათვის აუცილებელია. ასეთი დარღვევებია:

  • გულის ქსოვილის დაზიანება (ასაკობრივად)
  • გულის ქსოვილის დაზიანება დაავადების ან ინფარქტის გამო
  • მაღალი არტერიული წნევა–ჰიპერტენზია
  • გულის თანდაყოლილი დაავადება
  • გულის ქსოვილის ანთება (მიოკარდიტი)
  • ქირურგიული ჩარევის გართულება
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (ჰიპოთიროიდიზმი)
  • მინერალური ნივთიერებების დისბალანსი, რაც გამტარებლობის პრობლემებს ქმნის (ელექტროლიტები)
  • სუნთქვის ხშირი შეჩერება ძილის დროს (ობსტრუქციული აპნოე)
  • ანთებითი დაავადება, როგორიცაა რევმატიზმი ან მგლურა
  • რკინის დაგროვება ორგანოებში (ჰემოქრომატოზი)
  • მედიკამენტები, როგორიცაა ანტიარითმიული პრეპარატები, ანტიჰიპერტენზიული ან ფსიქოტროპული საშუალებები



გულის ელექტრული გზები

  • გული შედგება ოთხი საკნისაგან– 2 ზედა საკანი (წინაგული) და 2 ქვედა საკანი (პარკუჭი). გულის რითმი ნორმაში კონტროლდება გულის ბუნებრივი ფეისმეიქერით (სინუსური კვანძი), რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსური კვანძი წარმოქმნის ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც გულისცემის ინიცირებას ახდენენ.
  • სინუსური კვანძიდან, იმპულსი გადის წინაგულში, იწვევს წინაგულთა შეკუმშვას და სისხლი ჩადის პარკუჭებში.
  • იმპულსი შემდეგ მიდის უჯრედთა ჯგუფში, რომელსაც ატრიოვენტრიკულური (წინაგულ–პარკუჭოვანი) კვანძი ეწოდება.
  • ატრიოვენტრიკულური კვანძი აგზავნის სიგნალს ჰისის კონაში. ჰისის კონის უჯერები გადასცემენ იმპულსს მარცხენა ტოტს, რომელიც მარცხენა პარკუჭს ეხება და მარჯვენა ტოტს, რომელიც მარჯვენა პარკუჭთან მიდის.
  • როცა ელექტრული იმპულსი ამ ტოტებში გაივლის, პარკუჭი შეიკუმშება და სისხლი გადაისროლება. მარჯვენა პარკუჭი ჟანგბადით ღარიბ სისხლს გადაისვრის ფილტვებში, ხოლო მარცხენა პარკუჭი ჟანგბადით მდიდარ სისხლს მიაწვდის ორგანოებს.
  • ბრადიკარდიის დროს ელექტრული სიგნალების გატარება ნელია ან ბლოკირდება.


 
სინუსური კვანძის პრობლემები

ბრადიკარდია ხშირად სინუსურ კვანძში იწყება. მიზეზებია:

  • სინუსური კვანძი იმპულსს წარმოქმნის ნორმაზე იშვიათად
  • სინუსური კვანძი პაუზდება, ვეღარ წარმოქმნის იმპულსს დროულად
  • სინუსური კვანძი წარმოქმნის იმპულსს, რომელიც ბლოკირდება სანამ წინაგულებში გავრცელდება
  • ზოგიერთ ადამიანში, სინუსური კვანძი შესაძლოა ხან ნელა და ხან სწრაფად წარმოქმნიდეს იმპულსებს (ბრადიკარდია–ტაქიკარდიის სინდრომი)



გულის ბლოკი (ატრიოვენტრიკულური ბლოკი)

  1. ბრადიკარდიის მიზეზი შესაძლოა გახდეს წინაგულებიდან წამოსული იმპულსის ბლოკირება პარკუჭებში გადასვლამდე– ატრიოვენტრიკულური ბლოკი.
  2. სიგნალის შეწყვეტა შესაძლოა ხდებოდეს ატრიოვენტრიკულურ კვანძში, ჰისის კონაში ან ტოტების რომელიმე სეგმენტზე. ბლოკები კლასიფიცირდება წინაგულებიდან პარკუჭებში იმპულსის გადაცემის ხარისხის მიხედვით.
  3. პირველი ხარისხის ბლოკი. ყველაზე მსუბუქ ფორმაში, ყველა ელექტრული სიგნალი წინაგულიდან აღწევს პარკუჭს, მაგრამ სიგნალი ოდნავ შენელებულია. პირველი ხარისხის ბლოკი იშვიათად იწვევს სიმპტომებს და ძირითადად არ საჭიროებს მკურნალობას, თუ არ ახლავს სხვა დარღვევები ელექტრული იმპულსის გადაცემის დროს.
  4. მეორე ხარისხის ბლოკი. მეორე ხარისხის ბლოკის დროს, ყველა სიგნალი ვერ აღწევს პარკუჭებს. ზოგიერთი სიგნალი “ამოვარდნილია”, რაც იწვევს შენელებულ და ზოგჯერ არარეგულარულ რითმს.
  5. მესამე ხარისხის (სრული) ბლოკი. სრული ბლოკის დროს, წინაგულებში წარმოქმნილი არც ერთი იმპულსი არ მიდის პარკუჭებამდე. ასეთ შემთხვევებში, ჰისის კონა ან პარკუჭის რომელიმე ნაწილი თავის თავზე იღებს ფეისმეიქერის ფუნქციას.
  6. ეს ჩანაცვლებითი რითმი ძირითადად შენელებული და არასანდოა პარკუჭების შეკუმშვების გასაკონტროლებლად.
  7. ჰისის კონის ტოტის ბლოკადა. მარჯვენა ან მარცხენა ტოტის ბლოკადა ელექტრული გზის ბოლო ნაწილებში ხდება.
  8. ტოტის ბლოკადის სიმძიმე დამოკიდებულია ჩართული ტოტების რაოდენობაზე და სხვა ტიპის ბლოკებისა და ქსოვილის დაზიანების თანმხლებ მდგომარეობებზე.

სიმპტომები

თუ გაქვთ ბრადიკარდია, თავის ტვინი ან სხვა ორგანოები შესაძლოა ვერ იღებდნენ საკმარის ჟანგბადს. შედეგად, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები:

  • გულის წასვლის შეგრძნება ან გონების დაკარგვა (სინკოპე)
  • თავბრუსხვევა
  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • დაბნეულობა ან მეხსიერების პრობლემები
  • მარტივი დაღლა ფიზიკური აქტივობის დროს
  • როდიაა დაბალი პულსი ნორმალური
  • 60ზე დაბალი პულსი შესაძლოა ნორმას წარმოადგენდეს ზოგიერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჯანმრთელ მოზარდებში და ათლეტებში. ამ ადამიანებში, ბრადიკარდია არ ითვლება პრობლემად.



როდის მივმართოთ ექიმს

  • სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს ბრადიკარდიის სიმპტომებით. მნიშვნელოვანია დროული, ზუსტი დიაგნოზი და მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენი შვილი შეამჩნევთ ბრადიკარდიის სიმპტომებს.
  • თუ დაკარგავთ გონებას, იგრძნობთ სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში რამდენიმე წუთზე მეტხანს, დარეკეთ 112–ზე. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება თუ სხვას აქვს მსგავსი სიმპტომები.