ბრუქსიზმი

დაავადების აღწერა

ბრუქსიზმი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აბჯენთ, აჭრაჭუნებთ (კბილების ღრჭიალი). თუ გახასიათებთ ეს სიმპტომი, თქვენ უნებლიედ ასრულებთ მსგავს მოძრაობებს დღის ან ღამის (ძილის ბრუქსიზმი) განმავლობაში.

ძილის ბრუქსიზმი მიჩნეულია ძილთან დაკავშირებულ მოძრაობით დარღვევად. ადამიანები, რომელთაც აქვთ კბილების კრაჭუნი ღამით, ასევე ხშირად ხასიათდებიან ძილის სხვა დარღვევებით, როგორიცაა ხვრინვა და სუნთქვითუ პაუზები (ძილის აპნოე).

მსუბუქი ბრუქსიზმი არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა ზოგიერთ ადამიანში ეს სიმპტომი იმდენად ხშირი და ძლიერია, რომ იწვევს ყბის დაზიანებას, თავის ტკივილს, კბილების დაზიანებასა და სხვა პრობლემებს.

თუ გაქვთ ძილის ბრუქსიზმი და ვერ აცნობიერებთ ამას, აუცილებელია შენიშნოთ სხვა ნიშნები და სიმპტომები პირის ღრუს დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ბრუქსიზმს. შესაძლო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მიზეზებია:

  • ემოციები, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ბრაზი
  • აგრესიული, ჯიბრიანი, ჰიპერაქტიური პიროვნება
  • ზედა და ქვედა ყბის არასწორი განლაგება (მალოკლუზია)
  • ძილის სხვა პრობლემები, ძილის აპნოე
  • კბილის ამოსვლის ან ყურის ტკივილის გამოწვეული რეაქცია
  • კუჭიდან მჟავას რეფლუქსი საყლაპავში
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები (ფენოთიაზინები ან გარკვეული ანტიდეპრესანტები)
  • ადაპტირების მეთოდი ან ჩვევა
  • ჰანტინგტონის ან პარკინსონის დაავადებით გამოწვეული გართულება

სიმპტომები

ბრუქსიზმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კბილების კრაჭუნი, კაწკაწი, რომელმაც შესაძლოა თქვენს გვერდით მყოფი გააღვიძოს
  • კბილების დაბრტყელება, გატეხვა, მორყევა
  • გაცვეთილი ემალი კბილებზე, რაც მისი შიდა შრეების გამოჩენას იწვევს
  • კბილებში მგრძნობელობის გაზრდა
  • ყბის ან სახის ტკივილი
  • ყბის კუნთების გადაღლა და დაჭიმვა
  • ტკივილი, რომელიც გავს ყურის ტკივილს, მაგრამ არ ასოცირდება ყურის პრობლემებთან
  • ყრუ ტკივილი საფეთქელთან
  • ლოყის შიდა ზედაპირის დაზიანება კბენის გამო
  • ნაჭდევები ენაზე



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ:

  • კბილები გაცვეთილია, დაზიანებულია ან მომატებულია მგრძნობელობა
  • გტკივათ ყბა, სახე ან ყური
  • სხვები გეუბნებიან, რომ გამოსცემთ უცნაურ, ჭრიალის ხმას ძილის დროს
  • გაქვთ ყბის სახსრის ჩაკეტვა, ვერ აღებთ ან ხურავთ პირს
  • თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს აქვს ბრუქსიზმი ან სხვა ასოცირებული სიმპტომები, აუცილებლად უთხართ ეს შემდეგ ვიზიტზე სტომატოლოგს.