კარიესი

დაავადების აღწერა

კარიესი არის კბილების მაგარი ზედაპირის შეუქცევადად დაზიანებული კერა, რომელიც ვითარდება და ქმნის მცირე ზომის ღრმულებსა და ხვრელებს. კარიესი გამოწვეულია გარკვეულ ფაქტორთა კომბინაციით, როგორიცაა: ბაქტერიები პირის ღრუში, საკვების ხშირ–ხშირი მიღება, შაქრიანი სასმელები, კბილების არასწორი მოვლა.

კარიესი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. კარიესი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. ამის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კარიესი, ჩვილებსაც კი.

თუ კარიესს არ უმკურნალეთ, იგი ვითარდება, დიდდება და აზიანებს კბილის ღრმა ფენებს. კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილის ძლიერი ტკივილი, ინფიცირება და კბილის დაკარგვა.სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და კბილების სწორი ჰიგიენური მოვლა საუკეთესო დაცვაა კარიესის წინააღმდეგ.

გამომწვევი მიზეზი

კარიესს იწვევს კბილის დაზიანება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. კარიესის განვითარების ეტაპებია:

  • ფოლაქის წარმოქმნა. პირის ღრუ ნორმაში შეიცავს მრავალი ტიპის ბაქტერიას. ზოგი ბაქტერია იყენებს საკვებს და სასმელს, რომელიც მდიდარია შაქრით. როცა ეს შაქარი არ გაიწმინდება და დარჩება კბილის ზედაპირზე, ბაქტერია იწყებს მის გამოყენებას და გამოყოფს მჟავებს. ბაქტერია ქმნის ბაქტერიულ ფოლაქს– წებოვან გროვას, რომელიც გადაეკვრება კბილს. შესაძლოა იგრძნოთ ფოლაქის გაჩენა– მისი ზედაპირი უხეშია და იგრძნობა განსაკუთრებით უკანა კვილებზე, ღრძილთან ახლოს. თუ ფოლაქი არ მოვაშორეთ, სანამ რბილია, იგი მაგრდება და რთულდება მოშორება, რაც ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებს.
  • ფოლაქის განვითარება. ფოლაქში წარმოქმნილი მჟავები აცლიან მინერალებს კბილის გარეთა ემალს. ემალის ეროზია იწვევს მცირე ზომის ღრმულების და ხვრელების გაჩენას კბილში– კარიესის პირველ ეტაპს. როცა ემალის ნაწილები მოშორებულია, ბაქტერიას და მჟავებს შეუძლიათ ღრმა ფენებამდე ჩაღწევა, მაგ. დენტინამდე. დენტინი უფრო რბილია, ვიდრე ემალი და ნაკლებად უძლებს მჟავას მოქმედებას.
  • დაზიანების გაგრძელება. როცა დაზიანება ვითარდება, ბაქტერია და მჟავა აღწევს კბილის შიდა შრეებს, როგორიცაა პულპა. პულპა შეიცავს ნერვებსა და სისხლძარღვებს. პულპა შესივდება და ღიზიანდება ბაქტერიული ზემოქმედების გამო. როცა კარიესი ამ ადგილამდე ვრცელდება, იწყება კბილის ძლიერი ტკივილი, მგრძნობელობა, ტკივილი ჩაკბეჩისას და ა.შ. ორგანიზმმა შესაძლოა გამოიმუშავოს პასუხი ბაქტერიულ ინფიცირებაზე, რაც გამოიწვევს სისხლის თეთრი უჯრედების გააქტიურებას და კბილის აბსცესის ჩამოყალიბებას. აბსცესი ჩირქის ჯიბეა, რომელსაც ბაქტერიული ინფექცია იწვევს.

სიმპტომები

კარიესის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება მდებარეობისა და მასშტაბის მიხედვით. როცა კარიესი ადრეულ სტადიაშია, სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს. დაზიანების გადიდებასთან ერთად, ნიშნები და სიმპტომებია:

  • კბილის ტკივილი
  • მგრძნობელობის მომატება კბილებზე
  • მსუბუქი ან ბასრი ტკივილი ტკბილი, ცხელი ან ცივი საკვების/სასმელის მიღებისას
  • შესამჩნევი ღრმულები კბილებზე
  • ყავისფერი, შავი ან თეთრი ლაქები კბილის ზედაპირზე
  • ტკივილი ჩაკბეჩის დროს



როდის მივმართოთ სტომატოლოგს
შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ გაქვთ კარიესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან რეგულარულად ვიზიტი და კბილების შემოწმება. თუ გაქვთ კბილის ტკივილი, მიმართეთ სტომატოლოგს რაც შეიძლება მალე.