მეტყველების აპრაქსია ბავშვებში
დაავადების აღწერა
სწორი მეტყველებისათვის, ბავშვის ტვინმა უნდა შექმნას გეგმა, რომლის მიხედვითაც მისი სამეტყველო აპარატი და კუნთები მოძრაობას შეასრულებენ ყბასთან, ენასთან ერთად. შედეგად ვიღებთ სწორ ბგერებსა და სიტყვებს. ბავშვის ტვინი ასევე გეგმავს მოძრაობების შესაბამისად, მეტყველების სიჩქარესა და რითმს.
ბავშვობის აპრაქსიის დროს, ტვინი ვერ გეგმავს ამ მოძრაობებს. შედეგად, ბავშვი ვერ მეტყველებს სწორად და მარტივად. აპრაქსიის დროს, სამეტყველო კუნთები არ არის სუსტი, მაგრამ ისინი ვერ მოქმედებენ, რადგან ტვინი ვერ ახდენს კოორდინაციასა და იმპულსების გადაცემას მოძრაობის შესახებ.
გამომწვევი მიზეზი
ბავშვთა აპრაქსია შესაძლოა იყოს ტვინის (ნეიროლოგიური) დაზიანების შედეგი, როგორიცაა ინსულტი, ინფექცია ან ტრავმა.
აპრაქსია შესაძლოა გენეტიკური დაავადების, სინდრომის ან მეტაბოლური მდგომარეობის შედეგად ჩამოყალიბდეს. მაგალითად, ბავშვთა აპრაქსია უფრო ხშირად ემართებათ გალაქტოსემიის მატარებელ ბავშვებს.
ბავშვთა აპრაქსიას ზოგჯერ განვითარების აპრაქსიასაც უწოდებენ, თუმცა ბავშვები აპრაქსიით ყოველთვის არ ასწორებენ მეტყველებას გაზრდის, განვითარების შემდეგ. ბავშვებში, რომელთაც აქვთ განვითარების პრობლემები, ხშირია ნორმალური, მაგრამ დაგვიანებული მეტყველების ჩამოყალიბება. აპრაქსიით დაავადებულებში კი მეტყველება ვერ სწორდება თერაპიის გარეშე.
სიმპტომები
ბავშვებს, რომელთაც აქვთ მეტყველების აპრაქსია, ახასიათებთ შესაბამისი სიმპტომები, რომლებიც განსხვავდება ასაკობრივად და დაზიანების სიმძიმით.
აპრაქსიას შესაძლოა თან ახლდეს პირველი სიტყვების დაგვიანებულ წარმოთქმა, ლიმიტირებული რაოდენობის სიტყვების გამოყენება და მხოლოდ რამდენიმე სამეტყველო ბგერის გამოცემის უნარი. ეს სიმპტომები ძირითადად 18 თვიდან 2 წლის ასაკამდე შეიმჩნევა და მიანიშნებს აპრაქსიაზე.
როცა ბავშვები ცდილობენ, მეტად ისაუბრონ, დაახლოებით 2–4 წლის ასაკში, აპრაქსიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ხმოვნებისა და თანხმოვნების არევა, ბგერებს ან სიტყვებს შორის პაუზები, მეტყველების ხმიანობის შეცდომები.
მეტყველების აპრაქსიით დაავადებულ ბევრ ბავშვს უჭირს ყბის, ტუჩებიდა და ენის მოძრაობა მეტყველებისათვის, მათ ასევე უჭირთ შემდეგ ბგერაზე მარტივად გადასვლა.
ბავშვები განსხვავდებიან მეტყველების განვითარების სიჩქარით, თუმცა მეტყველების თერაპიის საშუალებით აპრაქსიით დაავადებულ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ნორმალური, გასაგები მეტყველება.
აპრაქსიით დაავადებულ მრავალ ბავშვს ასევე აქვს პრობლემები ენის გაგების, ლექსიკის გაფართოებისა და სიტყვების თანმიმდევრობის შესახებ.
ზოგიერთი სიმპტომი დამახასიათებელია აპრაქსიისათვის და გვეხმარება დიაგნოსტირებაში. ზოგი სიმპტომი კი ემთხვევა ენისა და მეტყველების სხვა დარღვევებს. ასეთ შემთხვევებში რთულდება ბავშვობის აპრაქსიის გარჩევა სხვა მსგავსი დარღვევებისაგან.
ზოგიერთი მახასიათებელი, რომელთაც ზოგჯერ მარკერებსაც უწოდებენ, გვეხმარება ბავშვობის აპრაქსიის გარჩევაში სხვა დარღვევებისაგან. აპრაქსიის დროს, პაციენტებს ახასიათებთ:
- ერთი ბგერიდან, ხმოვნიდან ან სიტყვიდან მეორეზე გადასვლის გართულება
- ყბის, ტუჩებისა და ენის მოუქნელი მოძრაობები სასურველი ბგერის წარმოსათქმელად
- ხმოვანთა აღრევა–მცდელობა, გამოიყენოს სწორი ხმოვანი, მაგრამ არასწორად ამბობს
- სიტყვებში არასწორი აქცენტის დასმა
- სიტყვებში ყველა ბგერაზე თანაბარი აქცენტირება
- ბგერათა დაცალკევება, პაუზები
- შეცდომების ვარიაბელობა– კონკრეტულ სიტყვაზე სხვადასხვა შეცდომას უშვებს ყოველი შემდეგი გამოყენებისას
- მარტივი სიტყვების იმიტირების გართულება
- ხმიანობის შეცდომები, რომლის გამოც ერთი სიტყვის მაგივრად სხვა სიტყვა გამოსდის
სხვა სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ბავშვთა აპრაქსიას, ასევე გვხვდება სხვა დარღვევებში, ამიტომ დიაგნოსტირებაში არ გვეხმარება. ესენია:
- 7–12 თვის ასაკში შემცირებული ხმიანობა
- პირველი სიტყვების დაგვიანება (12–18 თვე)
- ხმოვანთა და თანხმოვანთა ლიმიტირებული გამოყენება
- სიტყვების ხშირი გამოტოვება
- მეტყველების გაგების, გააზრების პრობლემები
- მეტყველების სხვა დარღვევები, რომლებიც გავს ბავშვთა აპრაქსიას
- მეტყველების ზოგიერთი დარღვევა წააგავს აპრაქსიას, რადგან სიმპტომები ემთხვევა. ასეთი დარღვევებია: არტიკულაციის დარღვევა, ფონოლოგიური დარღვევა და დიზართრია.
- ბავშვს, რომელსაც უჭირს სპეციფიკური ბგერების გამოცემა მაგრამ არ აქვს პრობლემა სამეტყველო მოძრაობების დაგეგმვა–კოორდინაციაში, შესაძლოა ჰქონდეს არტიკულაციის ან ფონოლოგიური დარღვევა. არტიკულაციის დარღვევის დროს, ბავშვი ვერ გამოსცემს სპეციფიკურ ბგერებს. მან შეიძლება გამოტოვოს ეს ბგერა ან გამოიყენოს სხვა ბგერა სიტყვაში. ფონოლოგიური დარღვევის დროს, ბავშვს კონკრეტულად ერთი ტიპის ბგერების გამოცემა უჭირს, მაგალითად იმ ბგერების, რომლებიც პირის ღრუს უკანა ნაწილიდან გამოიცემა.
- არტიკულაციისა და ფონოლოგიური დარღვევები უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა აპრაქსია.
არტიკულაციისა და ფონოლოგიური დარღვევების სიმპტომებია:
- ბგერათა ჩანაცვლება
- ბოლო თანხმოვნის გამოტოვება, სიტყვის დასრულების უუნარობა
- ბგერათა კომბინაციების გამარტივება
- დიზართრია ხშირი მოტორული მეტყველებითი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია სამეტყველო კუნთების სისუსტით ან სპასტიურობით. მეტყველება რთულდება, რადგან კუნთები ვერ იკუმშებიან საჭირო სისწრაფით, სიხშირითა და სიძლიერით. დიზართრიით დაავადებულს შესაძლოა ასევე ჰქონდეს ჩახლეჩილი, რბილი ან დაჭიმული ხმა, ან ნელი, ძნელად გარჩევადი საუბარი.
- დიზართრიის დიაგნოსტიკა ზოგჯერ უფრო მარტივია, ვიდრე ბავშვთა აპრაქსიის. თუმცა, როცა დიზართრიას ტვინის კონკრეტული არეს დაზიანება იწვევს, რთულია ამ ორი დარღვევის გარჩევა. ზოგიერთ ბავშვში გვხვდება ორივე დარღვევა ერთდროულად.