ჭარბწონიანობა ბავშვებში

დაავადების აღწერა

ბავშვთა ჭარბწონიანობა მძიმე სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ეხება. ამ დროს ბავშვის წონა აღემატება მის ასაკობრივ და სიმაღლისმიერ ნორმებს.

ჭარბწონიანობა ბავშვებში საყურადღებოა, რადგან ამ მიზეზით ვითარდება ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომლებიც ნორმაში მხოლოდ მოზრდილებს ემართებოდათ. ესენია დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და მაღალი ქოლესტეროლი სისხლში. ბავშვთა ჭარბწონიანობა ასევე თვითშეფასების ნაკლებობასა და დეპრესიას იწვევს.

ერთ–ერთი საუკეთესო სტრატეგია წონის შესამცირებლად დიეტისა და ვარჯიშის ჩვევების დანერგვაა მთელ ოჯახში. ბავშვთა ჭარბწონიანობის მკურნალობა და პრევენცია საჭიროა ჯანმრთელობის ახლანდელი და მომავალი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გამომწვევი მიზეზი

ცხოვრების სტილი– ნაკლები აქტივობა და ზედმეტი კალორიები საკვებსა და სასმელში– განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორებია ბავშვთა ჭარბწონიანობის დროს. გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორები ასევე საგულისხმოა. მაგალითად, ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ მომნელებელი ჰორმონების ცვლილებები მონაწილეობას იღებს ტვინის მიერ შიმშილის აღქმაში.

იშვიათად, გვხვდება გენეტიკური ან ჰორმონალური დაავადებები, რომლებიც ბავშვს უქმნის წინასწარგანწყობას ჭარბწონიანობის განვითარებისაკენ.

სიმპტომები

ზოგჯერ, ზედმეტი წონა არ ნიშნავს, რომ ბავშვი ჭარბწონიანია. ზოგიერთ ბავშვს ნორმაზე დიდი აღნაგობა აქვს. ასევე, ბავშვებს ცხიმოვანი ქსოვილის სხვადასხვა რაოდენობა აქვთ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ, შეიძლება ვერ მიხვდეთ, მხოლოდ ვიზუალით, აქვს თუ არა თქვენს ბავშვს ჭარბი წონა.

ექიმი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, იწვევს თუ არა წონა პრობლემებს, განვითარების ტესტებისა და სხვა კვლევების საშუალებით.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ნერვიულობთ, რომ თქვენს ბავშვს ზედმეტი წონა აქვს, ესაუბრეთ პედიატრს. პედიატრი მიმოიხილავს ბავშვის ზრდა–განვითარების ისტორიას, თქვენი ოჯახის წონის ისტორიასა და ამჟამინდელ წონას. ეს დაგეხმარებათ წონის ჯანმრთელობაზე გავლენის შესაფასებლად.