მეჭეჭები

დაავადების აღწერა

მეჭეჭი მცირე ზომის წანაზარდია კანზე, რომელიც ყველაზე ხშირად თითებსა და მტევანზე ჩნდება. შეხებისას უხეში ზედაპირი და მცირე ზომის შავი წერტილების განვითარება ახასიათებს მეჭეჭებს. ეს შავი წერტილები მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვებია.

მეჭეჭებს სხვადახვა ვირუსი იწვევს და გადამდებია შეხებით. ბავშვები და მოზარდები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც შესუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. მეჭეჭი ხშირად თავად ქრება, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობა მის მოშორებას თავად წყვეტს, დისკომფორტის ან ვიზუალური ეფექტის გამო.

გამომწვევი მიზეზი

მეჭეჭების გაჩენას იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი. არსებობს პაპილომავირუსის 100ზე მეტი ტიპი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იწვევს მეჭეჭების გაჩენას ხელებზე. სხვა ტიპები იწვევენ მეჭეჭებს ფეხებზე და კანისა და ლორწოვანის სხვა არეებზე. პაპილომავირუსის სახეობების უმრავლესობა უვნებელ მდგომარეობებს იწვევს, ხოლო მცირე რაოდენობა საშვილოსნოს ყელის კიბოზეა პასუხისმგებელი.

შესაძლოა გადაგედოთ ვირუსი მეჭეჭიან ადამიანთან კონტაქტის მეშვეობით. თუ თქვენ გაქვთ მეჭეჭი, თქვენც ავრცელებთ მას თქვენივე სხეულის სხვა ადგილებზეც. შესაძლოა გადაგედოთ მეჭეჭი იმ ზედაპირთან შეხებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო, როგორიცაა სავარჯიშო ნივთები ან პირსახოცები. ვირუსი კანზე არსებული ჭრილობებიდან აღწევს ორგანიზმში. ფრჩხილების მოკვნეტა ზრდის გადადების რისკს.

თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვაგვარად პასუხობს პაპილომავირუსით ინფიცირებას, ამიტომ ყველა ადამიანს არ გადაედება მეჭეჭი კონტაქტის შემთხვევაში.

სიმპტომები

მეჭეჭი ყველაზე ხშირად თითებზე ან ხელებზე ჩნდება და შესაძლოა იყოს:

  • მცირე ზომის, ხორცისებრი ამობურცულობა
  • ხორცისფერი, თეთრი, ვარდისფერი ან ყავისფერი
  • უხეში შეხებისას
  • ჰქონდეს შავი წერტილები–მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვები



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • წანაზარდი მტკივნეულია ან იცვლის ფერს
  • სცადეთ მკურნალობა, მაგრამ მეჭეჭი დარჩა, გავრცელდა ან მალე განმეორდა
  • წანაზარდი გიქმნით დისკომფორტს და ხელს გიშლით სხვადასხვა აქტივობაში
  • გაქვთ იმუნოდეფიციტი, მედიკამენტების, აივ/შიდსის ვირუსის, ან სხვა იმუნოდეფიციტური დაავადების გამო
  • არ ხართ დარწმუნებული, რომ წანაზარდი მართლაც მეჭეჭია