კომპულსიური დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე

დაავადების აღწერა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნიშნავს თამაშების გაგრძელების ძლიერ, კომპულსიურ სურვილს, რომელიც არაადეკვატურია იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც თამაშების შედეგს მოაქვს. აზარტული თამაშების აზრი ადამიანის მიერ რაღაცის გარისკვაა, კიდევ უფრო მეტი მოგების მოსაპოვებლად.

აზარტულ თამაშში გამარჯვება ასტიმულირებს თავის ტვინის “წამახალისებელ”, სიამოვნების მომგვრელ რეგიონს, როგორც ნარკოტიკები ან ალკოჰოლი. თუ მიდრეკილება გაქვთ აზარტული თამაშებისადმი, ხშირად დებთ ფულს მსგავს აქტივობებზე, მალავთ თქვენს ქცევას, იყენებთ შენახულ ფულს, გიგროვდებათ ვალები ან ზოგჯერ ქურდობთ კიდეც თამაშიც მიზნით, სავარაუდოა, რომ გაქვთ კომპულსიური დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე.

კომპულსიური დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე მძიმე ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელსაც თქვენთვის და გარშემო მყოფთათვის მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს. მკურნალობა რთულია, მაგრამ მრავალ ადამიანს, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, გამოუსწორდა მდგომარეობა პროფესიული კონსულტაციების შემდეგ.

გამომწვევი მიზეზი

ზუსტად რა უბიძგებს ადამიანს, აზარტულ თამაშებზე კომპულსიური დამოკიდებულებისაკენ, უცნობია. როგორც სხვა მსგავს პრობლემებში, აქაც სავარაუდოა ბიოლოგიური, გენეტიკური, გარემო ფაქტორების კომბინაცია.

სიმპტომები

აზარტულ თამაშებზე კომპულსიური (პათოლოგიური) დამოკიდებულების ნიშნებია:

  • დიდ რისკზე წასვლით სიამოვნების მიღება
  • თანდათანობით, რისკის მომატება თამაშის დროს
  • მოჭარბებული ფიქრები აზარტული თამაშების შესახებ
  • ფიქრები წარსულში აზარტული თამაშების მოგონებების შესახებ
  • აზარტული თამაშებით უიმედობის, დანაშაულის გრძნობის ან დეპრესიის ჩანაცვლება
  • ოჯახური ცხოვრებისა და სამსახურის უგულებელყოფა თამაშის გამო
  • ტყუილი ან თამაშის დამალვა
  • დანაშაულის ან სინანულის გრძნობა თამაშის შემდეგ
  • ფულის სესხება ან ქურდობა თამაშის გასაგრძელებლად
  • წარუმატებელი მცდელობები, შეწყვიტოთ თამაში


იშვიათ შემთხვევებში, დამოკიდებულება ვითარდება აზარტული თამაშებით დაინტერესების პირველივე შემთხვევისას. უფრო ხშირად, პრობლემა დროთა განმავლობაში ყალიბდება. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებს დროდადრო წლების განმავლობაში ეტანება, მაგრამ არ ექმნება მსგავსი პრობლემები. უფრო ხშირი თამაში, ცხოვრებისეული სტრესის გამო, შესაძლოა გახდეს დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი.

სტრესის ან დეპრესიის დროს, აზარტული თამაშის სურვილი ძლიერდება, ქმნის რეალობიდან გაქცევის საშუალებას. დროთა განმავლობაში, დამოკიდებულება ვითარდება და ადამიანს აქვს მოჭარბებული ფიქრები თამაშისა და საჭირო ფულის შეგროვების შესახებ.

კომპულსიური დამოკიდებულების დროს, თამაში იმდენად ფულს არ ეხება, რამდენადაც ასოცირებულ ემოციებსა და აღელვებას. ამ ემოციების შესანარჩუნებლად, ადამიანი ხშირად უფრო დიდ რისკზე მიდის თამაშის დროს, რაც იწვევს იმ რაოდენობის ფულზე მეტის დახარჯვას, ვიდრე შესაძლებლობა არსებობს.

აზარტული თამაშის ნორმალური მიმდინარეობის დროს, ადამიანი ჩერდება წაგების შემდეგ ან აქვს დაწესებული წაგების ლიმიტი. თამაშზე დამოკიდებულების დროს, ადამიანი არ წყვეტს თამაშს და სურს წაგებული ფულის დაბრუნება.

ზოგიერთი დამოკიდებული განიცდის რემისიას, როცა ნაკლებს ან საერთოდ არ თამაშობს. მკურნალობის გარეშე, რემისიები თითქმის ყოველთვის დროებითია.
როდის მივმართოთ ექიმს ან ფსიქოლოგს/ფსიქიატრს

თუ თქვენი ოჯახის წევრები ან მეგობრები შეშფოთებულები არიან თქვენი ჩვევის გამო, მოუსმინეთ მას. უარყოფა ერთ–ერთი სიმპტომია კომპულსიური დამოკიდებულებისა. თქვენთვის რთულია, შენიშნოთ, რომ პრობლემა ნამდვილად გაქვთ.

სავარაუდოა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გაქვთ, თუ:

  • თამაშიც გამო პრობლემები გექმნებათ ურთიერთობებში, ფინანსურად, სამსახურში ან სკოლაში
  • თამაშს უთმობთ უფრო და უფრო მეტ დროსა და ენერგიას
  • გქონიათ თავის დანებების წარუმატებელი მცდელობა
  • უმალავთ მეგობრებს ან ოჯახს თქვენს პრობლემას
  • ქურდობთ ან იტყუებით ფულის მოსაპოვებლად
  • სესხულობთ ფულს წაგებულის გადასახდელად