თვალების კოორდინაციის დარღვევა

დაავადების აღწერა

თვალების კოორდინაციის დარღვევა ნიშნავს ახლომდებარე საგანზე ფოკუსირების დროს თვალების არასწორ განლაგებას. როცა კითხულობთ ან ახლომდებარე საგანს უყურებთ, ნორმაში, თვალები ერთმანეთისკენ გადაადგილდება (კონვერგირება). ეს გვაძლევს ერთი, საერთო სურათის დანახვის საშუალებას.

ამ კოორდინაციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სირთულე კითხვის დროს. შეიძლება მასწავლებელმა ან მშობელმა ჩათვალოს, რომ ბავშვს სწავლა უჭირს, როცა სინამდვილეში მხოლოდ მხედველობის დარღვევა აქვს.

მკურნალობა ძირითადად ეფექტურია.

გამომწვევი მიზეზი

თვალის კოორდინაციის დარღვევას იწვევს თვალების არასწორი განლაგება ახლომდებარე საგანზე ფოკუსირებისას. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ განლაგების პათოლოგია შესაძლოა თვალის მამოძრავებელ კუნთებს უკავშირდებოდეს. ტიპიურად, ერთი თვალი გარეთ გადის, როცა ცდილობთ ახლომდებარე საგანზე ან სიტყვაზე ფოკუსირებას.

სიმპტომები

თვალების კოორდინაციის დარღვევის დროს, სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება. ნიშნები და სიმპტომები აღინიშნება კითხვის ან ახლო მხედველობის საჭიროების შემთხვევებში. მაგ:

  • თვალის დაძაბვა
  • თავის ტკივილი
  • კითხვის გართულება– სიტყვები დაბინდულია ან მოძრაობს გვერდზე
  • გაორებული ხედვა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • თვალის ხშირი დახუჭვა ან ცალი თვალის მოჭუტვა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ მსგავსი სიმპტომები ან გიჭირთ კითხვა, ესაუბრეთ თვალის ექიმს, როგორიცაა ოფთალმოლოგი ან ოპტომეტრისტი. ტექნიკოსი დაგეხმარებათ პრობლემის შეფასებასა და მკურნალობის სტრატეგიის არჩევაში.