ცისტიტი

დაავადების აღწერა

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება. უმეტესად, ანთებას ბაქტერიული ორგანიზმი იწვევს და მდგომარეობას ქვედა საშარდე გზების ინფექცია ეწოდება. შარდის ბუშტის ინფექცია შესაძლოა მტკივნეული და გამაღიზიანებელი იყოს, იგი ზოგჯერ მძიმე სამედიცინო პრობლემად ყალიბდება, თუ ინფექცია გავრცელდა თირკმელებზეც.

უფრო იშვიათად, ცისტიტი გარკვეულ მედიკამენტზე რეაქციის ფარგლებში ვითარდება, ასევე ფაქტორებია სხივური თერაპია, გამაღიზიანებლები– ჰიგიენური საშუალებები, სპერმიციდული კრემები ან ხანგრძლივად კათეტერის გამოყენება. ცისტიტი შესაძლოა სხვა დაავადების გართულებაც იყოს.

ცისტიტი უმეტესად ანტიბიოტიკებით იკურნება. სხვა ტიპის ცისტიტის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

გამომწვევი მიზეზი

საშარდე სისტემის შემადგენელი ნაწილებია: თირკმელები, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი და შარდსადინარი. ყველა ამ ორგანოს გარკვეული როლი აქვს შარდის გამოსაყოფად. თირკმელები – ლობიოს ფორმის წყვილი ორგანო, მუცლის ზედა ნაწილის უკანა მხარეს– ფილტრავს ცხოველქმედების პროდუქტებს და არეგულირებს ნივთიერებათა კონცენტრაციებს სისხლში. შარდსაწვეთს გამოაქვს ფილტრატი თირკმლიდან ბუშტში, ხოლო შარდსადინრის საშუალებით შარდი გარეთ გამოდის.

ბაქტერიული ცისტიტი

ცისტიტი ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია ორგანიზმის გარედან შეაღწევს შარდის ბუშტში შარდსადინრის საშუალებით. ცისტიტის უმეტესი შემთხვევები ეშერიხია კოლის ბაქტერიითაა გამოწვეული.

ბაქტერიული ცისტიტი ქალებში სქესობრივი აქტის შემდგომაც შესაძლოა განვითარდეს, მაგრამ ზოგჯერ სქესობრივად არააქტიურ ქალებსა და გოგონებშიც ვითარდება ცისტიტი, რადგან ქალის გენიტალური არე შეიცავს მრავალ ბაქტერიას, რომელსაც შეუძლია ცისტიტის გამოწვევა.
არაინფექციური ცისტიტი

ბაქტერია ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ არსებობს რამდენიმე არაინფექციური ფაქტორიც, რომელსაც შეუძლია ანთების გამოწვევა შარდის ბუშტში. ესენია:

  • ინტერსტიციული ცისტიტი. ამ ქრონიკული ანთების (მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი) გამომწვევი მიზეზი უცნობია. პაციენტები ძირითადად ქალები არიან. ეს მდგომარეობა რთული სადიაგნოსტიკო და სამკურნალოა.
  • მედიკამენტით გამოწვეული ცისტიტი. გარკვეული მედიკამენტები, განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის პერეპარატები– ციკლოფოსფამიდი და იფოსფამიდი იწვევენ ანთებას შარდის ბუშტში, როცა მათი დაშლის შედეგად მიღებული კომპონენტები გამოიყოფა შარდში.
  • რადიაციული ცისტიტი. რადიაციული თერაპია მენჯის ღრუს არეში შესაძლოა გახდეს ანთების მიზეზი.
  • უცხო სხეულით გამოწვეული ცისტიტი. კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება ქმნის ბაქტერიული ინფექციებისა და ქსოვილოვანი დაზიანების მაღალ რისკს, რასაც შეუძლია ცისტიტის გამოწვევა.
  • ქიმიური ცისტიტი. ზოგიერთი ადამიანი ჰიპერმგრძნობიარეა ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გარკვეულ პროდუქტებში გვხვდება, მაგ.: შხაპის გელი, ჰიგიენის სხვა პროდუქტები, სპერმიციდული კრემები და ა.შ. ვითარდება ალერგიის მაგვარი რეაქცია და ცისტიტი.
  • სხვა მდგომარეობებთან ასოცირებული ცისტიტი. ცისტიტი ზოგჯერ სხვა დაავადებების გართულებად გვევლინება, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, წინამდებარე ჯირკვლის გადიდება ან ზურგის ტვინის დაზიანებები.

სიმპტომები

ცისტიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი, ხანგრძლივი მოშარდვის სურვილი
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს
  • ხშირი, მაგრამ მცირე რაოდენობით მოშარდვა
  • სისხლი შარდში (ჰემატურია)
  • ამღვრეული, ძლიერი სუნის შარდი
  • დისკომფორტი მენჯის ღრუში
  • წნევის შეგრძნება ქვედა მუცელში
  • დაბალი სიცხე
  • ბავშვებში, დღის განმავლობაში უნებლიე შარდვის ახალი ეპიზოდი შესაძლოა მიანიშნებდეს ინფექციაზე. ღამის უნებლიე შარდვა ნაკლებად ასოცირდება ცისტიტთან.



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ თირკმლის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • წელის ან გვერდების ტკივილი
  • სიცხე და შეციება
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • თუ გაქვთ მოშარდვის ხშირი სურვილი ან მტკივნეული შარდვა, რომელც გასტანს რამდენიმე საათს ან მეტს, ან შეამჩნევთ სისხლს შარდში, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. თუ გქონიათ საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი წარსულში და ახლაც განმეორდა, ესაუბრეთ ექიმს.
  • ასევე მიმართეთ ექიმს, თუ ცისტიტის სიმპტომები არ გაივლის ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ. შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა ტიპის მედიკამენტი.
  • თუ ბავშვს აქვს დღის განმავლობაში უნებლიე შარდვა, ესაუბრეთ პედიატრს.
  • სხვამხრივ ჯანმრთელ მამაკაცებში, ცისტიტი იშვიათია და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.