ინფექციური დაავადებები

დაავადების აღწერა

ინფექციური ეწოდება დაავადებებს, რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმებით – ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით და პარაზიტებით. ბევრი მიკროორგანიზმი ცხოვრობს ჩვენს სხეულებზე და მათ შიგნით. ნორმაში ისინი უვნებელი ან სასარგებლოები არიან, თუმცა გარკვეული პირობების შემთხვევაში, მათ შეიძლება დაავადება გამოიწვიონ.

ზოგი ინფექციური დაავადება გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. სხვები ვრცელდება მწერებისა და ცხოველების ნაკბენით, ხოლო ზოგიერთი ორგანიზმში ხვდება გარემოდან ან დაბინძურებული საკვების და წყლის მიღების გზით.

ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმზე, თუმცა ხშირი სიმპტომებია ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მომატება. უმეტესი ინფექციის მკურნალობა შინაურ პირობებში შეიძლება, თუმცა ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშია და ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.

ბევრი ინფექციური დაავადების, მაგალითად წითელას და ჩუთყვავილას საწინააღმდეგოდ ვაქცინები არსებობს. ხელების ხშირ და გულმოდგინე დაბანა აგრეთვე დაგიცავთ ინფექციური დაავადებებისგან.

გამომწვევი მიზეზი

ინფექციურ დაავადებების გამომწვევებია:

  • ბაქტერიები. ეს ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სტრეპტოკოკული ყელის ტკივილი, საშარდე გზების ინფექციები და ტუბერკულოზი.
  • ვირუსები. ზომაში ბაქტერიაზე პატარები, ისინი იწვევენ მრავალ დაავადებას, რომელთა შორისაა გრიპი და შიდსი.
  • სოკოები. ბევრ კანის დაავადებას, მაგალითად მკრეჭელ ლიქენს და ტერფის სოკოს, სოკოები იწვევენ.
  • პარაზიტები. მალარიას იწვევს პარაზიტი, რომელიც კოღოს ნაკბენით ხვდება ორგანიზმში. სხვა პარაზიტები შეიძლება ადამიანებში ცხოველების განავლიდან მოხვდეს.



პირდაპირი კონტაქტი.

ინფექციური დაავადებები ძირითადად დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელდება. პირდაპირი კონტაქტის 3 გზაა:

  • ადამიანიდან ადამიანზე. ინფექციების გავრცელების ხშირი გზაა ბაქტერიების, ვირუსების და სხვა მიკროორგანიზმების ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც დაავადებული ადამიანი აკოცებს, დაახველებს ან შეეხება ჯანმრთელ ადამიანს.

    ეს მიკროორგანიზმები აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს ბიოლოგიური სითხით, მაგალითად სქესობრივი კონტაქტის ან სისხლის გადასხმის დროს. დაინფიცირებულ ადამიანში შეიძლება არ ვლინდებოდეს სიმპტომები და იგი მხოლოდ დაავადების მატარებელი იყოს.

  • ცხოველიდან ადამიანზე. დაავადებული ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი შეიძლება ინფექციის განვითარების მიზეზი იყოს. ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტიც შეიძლება საშიში იყოს, მაგალითად ტოქსოპლაზმოზის ინფექცია შეიძლება კატის განავალთან კონტაქტის შედეგად განვითარდეს.
  • დედიდან ნაყოფზე. ინფექციის გამომწვევი აგენტები შეიძლება დედისგან ნაყოფს გადაეცეს. ზოგიერთ მიკროორგანიზმის შეუძლია პლაცენტის ბარიერის გადალახვა. საშოში არსებული მიკროორგანიზმები შეიძლება ბავშვში მშობიარობის პროცესში მოხვდეს.



არაპირდაპირი კონტაქტი.

დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები შეიძლება არაპირდაპირი გზითაც გავრცელდნენ. ბევრი მიკროორგანიზმს ხანგრძლივად შეუძლია ცხოვრება სუფრებზე, კარის სახელურზე და სხვა ადგილებში.

როდესაც შეეხებით სახელურს, რომელსაც მანამდე შეეხი გრიპიანი ადამიანი, თქვენს ხელებზე შეიძლება მოხდეს გრიპის გამომწვევი ვირუსი. თუ შემდეგ თქვენ ხელების დაბანამდე ამ ხელით შეეხებით თვალს, პირს ან ცხვირს, თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ.

მწერის ნაკბენი

ზოგიერთი მიკროორგანიზმის გავრცელება დამოკიდებულია მწერ გადამტანზე, მაგალითად კოღოზე, ტილზე, რწყილზე ან ტკიპაზე. ამ გადამტანებს ვექტორებს ეძახიან. კოღოებს შეუძლიათ გადაიტანონ მალარიის პარაზიტი და დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ხოლო ირმის ტკიპებს გადააქვთ ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერია.

დაბინძურებული საკვები

მიკროორგანიზმების გავრცელების ერთერთი გზაა დაბინძურებული საკვების და სასმელის მიღება. ამ მექანიზმით ერთი წყაროდან მრავალი ადამიანი ინფიცირდება. ნაწლავის ჩხირი არის ბაქტერია, რომელიც გვხვდება მრავალ საკვებში, მაგალითად უმ ხორცში და არაპასტერიზებულ ხილის წვენში.

სიმპტომები

ყველა ინფექციურ დაავადებას თავისი ნიშნები და სიმპტომები აქვს, თუმცა მათ უმეტესობაში ვლინდება შემდეგი საერთო ნიშნები და სიმპტომები:

  • ტემპერატურის მომატება
  • ფაღარათი
  • ზოგადი სისუსტე
  • კუნთების ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გიკბინათ ცხოველმა
  • გიძნელდებათ სუნთქვა
  • ერთ კვირაზე დიდხანს გაგიგრძელდათ ხველა
  • გაქვთ თავის ტკივილი და ტემპერატურის მომატება
  • გაქვთ გამონაყარი ან შესიება
  • გაქვთ უმიზეზო ტემპერატურის მომატება
  • უეცრად გაგივითარდათ მხედველობის პრობლემები