რკინადეფიციტური ანემია

დაავადების აღწერა

რკინადეფიციტური ანემია ანემიის ხშირი ფორმაა. ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში არასაკმარისი რაოდენობით ჯანმრთელი წითელი უჯრედებია (ერითროციტები). ერითროციტებს მიაქვთ ჟანგბადი ორგანიზმის ქსოვილებში.

როგორც სახელიდან ვხვდებით, რკინადეფიციტური ანემიის დროს არის რკინის დეფიციტი. რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ნაერთს, რომელიც სჭირდება ერითროციტებს ჟანგბადის გადასატანად (ჰემოგლობინი). ამის გამო, რკინადეფიციტური ანემიის დროს შეიძლება გქონდეთ სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა.

რკინის დეფიციტის გამოსწორება რკინის დანამატებით შეიძლება. ხანდახან საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების და ანალიზების ჩატარება, განსაკუთრებით თუ ექიმს ეჭვი აქვთ შინაგან სისხლდენაზე.

გამომწვევი მიზეზი

რკინადეფიციტური ანემია ვითარდება, როდესაც ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რკინა ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. ჰემოგლობინი ერითროციტების ნაწილია. იგი აძლევს სისხლს წითელ შეფერილობას და მონაწილეობს ჟანგბადის გადატანაში. თუ საკმარის რკინას არ იღებთ ან ჭარბად კარგავთ მას, თქვენ ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ჰემოგლობინს, რის შედეგადაც რკინადეფიციტური ანემია განვითარდება.

რკინადეფიციტური ანემიის მიზეზებია:

  • სისხლის დაკარგვა. სისხლი შეიცავს ერითროციტებს და რკინას, მაშასადამე, თუ კარგავთ სისხლს, კარგავთ რკინას. ქალებს, რომლებიც მენსტრუაციის დროს ბევრ სისხლს კარგავენ, რკინის დეფიციტის რისკი აქვთ. ნელ, ქრონიკულ სისხლდენას, მაგალითად კუჭის წყლულის, საყლაპავის თიაქრის, მსხვილი ნაწლავის პოლიპის და მსხვილი ნაწლავის კიბოს შედეგად განვითარებულს, შეუძლია რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების, განსაკუთრებით ასპირინის გამოყენებამ გამოიწვიოს.
  • საკვებში რკინის ნაკლებობა. თქვენ მუდმივად იღებთ რკინას საკვებიდან. თუ რკინას საკმარისი რაოდენობით არ იღებთ, განვითარდება რკინის დეფიციტი. რკინით მდიდარი საკვებია ხორცი, კვერცხი, მწვანეფოთლებიანი ბოსტნეული და რკინით გამდიდრებული საკვები. რკინა ჩვილებს და ბავშვებს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის სჭირდებათ.
  • რკინის შეწოვის დაქვეითება. რკინა სისხლში შეიწოვება წვრილი ნაწლავებიდან. წვრილი ნაწლავების პათოლოგიას, მაგალითად ცელიაკიას, რომელიც აქვეითებს ნაწლავების შეწოვის უნარს, შეუძლია რკინადეფიციტური ანემიის გამოწვევა. თუ თქვენ წვრილი ნაწლავის ნაწილი ამოჭრილი გაქვთ, ამან შეიძლება იმოქმედოს რკინისა და სხვა ნივთიერებების შეწოვაზე.
  • ორსულობა. რკინის დანამატების გარეშე, ბევრ ფეხმძიმე ქალში რკინადეფიციტური ანემია ვითარდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ქალებს რკინა როგორც საკუთარი, ასევე ნაყოფის ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად სჭირდებათ.

სიმპტომები

დასაწყისში, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება იმდენად მსუბუქი იყოს, რომ იგი შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ანემიისა და რკინის დეფიციტის გაურესებასთან ერთად, ძლიერდება ნიშნები და სიმპტომები.

რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი დაღლილობა
  • კანის სიფერმკრთალე
  • ზოგადი სისუსტე
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ხშირი ინფექციები
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
  • ცივი ხელები და ფეხები
  • ენის ანთება ან ტკივილი
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • ჩქარი გულისცემა
  • მადის გაუკუღმართება, მაგალითად ყინულის, ტალახის და სახამებლის ჭამის სურვილი
  • დაქვეითებული მადა, განსაკუთრებით ჩვილებში და ბავშვებში
  • არასასიამოვნო ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში (მოუსვენარი ფეხების სინდრომი)



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. რკინადეფიციტური ანემია არ არის ის მდგომარეობა, რომლის დიაგნოზირება და მკურნალობა სახლიდან შეიძლება, ამიტომ სანამ რკინის დანამატის მიღებას დაიწყებთ, მიმართეთ ექიმს. ორგანიზმის გადატვირთვა რკინით საშიშია, რადგან ჭარბი რკინის დაგროვებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და სხვა გართულებები გამოიწვიოს.