დასუსხვა მედუზის მიერ

დაავადების აღწერა

ზღვაში ცურვის ან ყვინთვის დროს, მედუზებთან შეხება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, შესაბამისად ხშირია დასუსხვის შემთხვევებიც. მედუზის გრძელი საცეცები შეიცავენ ათასობით მიკროსკოპულ წვერს, რომლებიდანაც შხამი გამოდის.

მედუზას დასუსხვა სხვადასხვა სიძლიერის შეიძლება იყოს. უმეტესად, ვლინება უცაბედი ტკივილი და შეწითლებული, გაღიზიანებული ლაქები კანზე. ზოგჯერ, დასუსხვა მთელ ორგანიზმში იწვევს რეაქციას (სისტემური რეაქცია). იშვიათად, დასუსხვა სიცოცხლისათვის საშიშია.

უმეტეს შემთხვევებში, დასუსხვა გაივლის სახლის პირობებში მკურნალობის შედეგად. გართულებული შემთხვევები საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

მედუზის საცეცები შეიცავენ მიკროსკოპულ დამსუსხავ წვეროებს. წვეროს აქვს მცირე ზომის გამობურცულობა, რომელშიც მოთავსებულია შხამი. მედუზა იყენებს შხამს თავის დასაცავად და მსხვერპლზე სანადიროდ.

როცა მოგედებათ საცეცი, მცირე ზომის წვეროებიდან გამოთავისუფლდება შხამი, კანს გადაკვეთს წვეროში მოთავსებული მილი. შხამი აზიანებს კონტაქტის ადგილს და შესაძლოა მოხვდეს სისხლშიც.

მედუზა, რომელიც გამოირიყა პლაჟზე, მაინც შესაძლოა გახდეს დასუსხვის მიზეზი შეხებისას.

სიმპტომები

მედუზის მიერ დასუსხვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • წვის შეგრძნება, ტკივილი
  • წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერო ლაქები კანზე– საცეცების “ანაბეჭდი”
  • ქავილი
  • შესიება
  • დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება
  • ბასრი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ფეხზე ან ხელზე



ძლიერი დასუსხვის დროს ზიანდება ორგანიზმის ორგანოთა რამდენიმე სისტემა. რეაქცია შესაძლოა დასუსხვიდან რამდენიმე საათში ან მაშინვე გამოვლინდეს. ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • თავის ტკივილი
  • კუნთისა და სახსრების ტკივილი
  • სისუსტე, თავბრუსხვევა
  • სიცხე
  • ცნობიერების დაკარგვა
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულის პრობლემები



რეაქციის სიმძიმე დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე:

  • მედუზის ტიპი და ზომა
  • თქვენი ასაკი, ჯანმრთელობა. მძიმე რეაქცია ხშირია ბავშვებში ან რაიმე მძიმე დაავადებების მატარებლებში.
  • დასუსხვის ხანგრძლივობა
  • დაზიანებული კანის ფართობი



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • დასუსხულია კანის დიდი ფართობი
  • გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები