იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

დაავადების აღწერა

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ანუ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, 17 წლამდე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ართრიტია. ეს დაავადება იწვევს ხანგრძლივ შესიებას სახსრებში, ტკივილსა და გაშეშებას. ზოგიერთ ბავშვს სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს, ზოგს კი მთელი ცხოვრების მანძილზე.

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ზოგიერთი ტიპი იწვევს მძიმე გართულებებს, როგორიცაა ზრდის შეფერხება და თვალის ანთება. იუვენილური ართრიტის მკურნალობა მიმართულია ტკივილის კონტროლისა და სახსრის დაზიანების თავიდან აცილებისაკენ.

გამომწვევი მიზეზი

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს ებრძვის. ამის მიზეზი უცნობია, თუმცა მემკვიდრეობითობა და გარემო–ფაქტორები მნიშვნელოვანია. გარკვეული გენეტიკური მუტაციები ადამიანს წინასწარგანწყობილს ხდის დაავადების განვითარებისათვის. ასეთ დროს, გარემო–ფაქტორები, როგორიცაა ვირუსი, შესაძლოა გახდეს დაავადების დაწყების მიზეზი.

სიმპტომები

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი. ბავშვმა შესაძლოა არ აღნიშნოს, რომ სახსარი ტკივა, მაგრამ შეამჩნევთ, რომ იგი კოჭლობს, განსაკუთრებით დილით, ადგომის შემდეგ ან ცოტა ხნით ჩაძინების შემდეგ.
  • შესიება. სახსრის შესიება ხშირია და პირველად დიდ სახსრებზე– მუხლის სახსარზე ვლინდება
  • გაშეშება. შესაძლოა შენიშნოთ, რომ ბავშვი მოუქნელი გახდა, განსაკუთრებით დილაობით ან ჩაძინების შემდეგ.



იუვენილური რევმატოიდული ართრიტი ერთ ან რამდენიმე სახსარს აზიანებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადება მთელ ორგანიზმს ეხება და იწვევს ლიმფური კვანძების შესიებას, გამონაყარსა და ცხელებას.

როგორც სხვა ტიპის ართრიტებს, იუვენილურ ართრიტსაც ახასიათებს სიმპტომებიც გამწვავებისა და გაქრობის პერიოდები.

როდის მივმართოთ ექიმს

წაიყვანეთ ბავშვი ექიმთან თუ მას აწუხებს სახსრის ტკივილი, შესიება, გაშეშება 1 კვირაზე მეტხანს, განსაკუთრებით თუ თან ერთვის ცხელება