გაუწყლოება
დაავადების აღწერა
გაუწყლოების ხშირი მიზეზებია: ხანგრძლივი ვარჯიში, განსაკუთრებით სიცხეში, ინტენსიური ფაღარათი, სიცხე ან ჭარბი ოფლიანობა. ვარჯიშის დროს საკმარისი წყლის მიღების გარეშე ასევე განვითარდება გაუწყლოება. ნებისმიერ ადამიანში შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოება, მაგრამ პატარა ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან.
მსუბუქი ან საშუალო გაუწყლოების მკურნალობა მეტი სითხის მიღებითაც შეიძლება, მაგრამ მძიმე გაუწყლოების დროს, საჭიროა სამედიცინო ჩარევა. საუკეთესო სტრატეგია გაუწყლოების პრევენციაა. დააკვირდით, რამდენ სითხეს კარგავთ ცხელ ამინდში, ავადმყოფობის, ვარჯიშის დროს და მიიღეთ ჩასანაცვლებლად საჭირო რაოდენობის წყალი.
გამომწვევი მიზეზი
გაუწყლოება ხდება როცა საკმარისი სითხე ვერ ჩაანაცვლებს დაკარგულ სითხეს დღის განმავლობაში. ორგანიზმის სისტემები გამოშრება. ზოგჯერ, გაუწყლოება მარტივი მიზეზით ხდება– სითხეს ვერ იღებთ, იმიტომ რომ ავად ხართ ან დაკავებული ხართ, არ გაქვთ სასმელი წყალი მოგზაურობის დროს.
გაუწყლოების სხვა მიზეზებია:
- ფაღარათი, ღებინება. ძლიერი, მწვავე ფაღარათი იწვევს სითხისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით კარგვას, დროის მცირე მონაკვეთში. თუ ფაღარათთან ერთად გაქვთ ღებინებაც, კარგავთ კიდევ უფრო მეტ სითხესა და მინერალებს. ბავშვები და ჩვილები განსაკუთრებულად ზიანდებიან ასეთ დროს. ფაღარათს იწვევს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, ჰიპერმგრძნობელობა გარკვეულ საკვებზე, რეაქცია მედიკამენტებზე ან ნაწლავების დაავადებები.
- სიცხე. ზოგადად, რაც უფრო მაღალია სიცხე, მით უფრო მეტად ვითარდება გაუწყლოება. თუ სიცხე თან ერთვის ფაღარათს ან ღებინებას, კიდევ უფრო მეტ სითხეს კარგავთ.
- მოჭარბებული ოფლიანობა. სითხე იკარგება ოფლის სახითაც. თუ ვარჯიშის შემდეგ არ ჩაანაცვლებთ დაკარგულ სითხეს, განვითარდება გაუწყლოება. ცხელი, ნოტიო ამინდი ზრდის ოფლის რაოდენობასა და დაკარგულ სითხეს. გაუწყლოება ზამთარშიც შესაძლებელია. მოზარდები, რომლებიც სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ, განსაკუთრებულად დიდი რისკის წინაშე დგანან, მათი სხეულის წონის (მოზრდილებზე ნაკლები) და გაუწყლოების ნიშნების არცოდნის გამო.
- გაძლიერებული შარდვა. ეს შესაძლოა არადიაგნოსტირებული ან უკონტროლო დიაბეტის გამო მოხდეს. გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა შარდმდენები და ზოგიერთი არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატი, ასევე იწვევს გაუწყლოებას, რადგან გამოიყოფა მეტი შარდი ან ოფლი.
სიმპტომები
მსუბუქი ან საშუალო გაუწყლოების სიმპტომებია:
- მშრალი, წებოვანი პირის ღრუ
- ძილიანობა, დაღლილობა– ბავშვებში შემცირებული აქტივობა
- წყურვილი
- ნაკლები შარდვა
- 3 საათის განმავლობაში მშრალი პამპერსი ჩვილებში
- ტირილი ცრემლდენის გარეშე
- მშრალი კანი
- თავის ტკივილი
- ყაბზობა
- თავბრუსხვევა
ძლიერი გაუწყლოება გადაუდებელი მდგომარეობაა და მისი სიმპტომებია:
- ძლიერი წყურვილი
- ძლიერი გაღიზიანებადობა ან ძილიანობა ბავშვებში, დაბნეულობა დიდებში
- პირის, ლორწოვანისა და კანის გამოშრობა
- შარდის არარსებობა, მუქი შარდი
- ჩაცვენილი თვალები
- არაელასტიური, მშრალი კანი, ნაოჭების შექმნისას არ სწორდება
- ბავშვებში, ჩაცვენილი თავის რბილი ადგილები (ყიფლიბადი)
- დაბალი არტერიული წნევა
- აჩქარებული გულისცემა
- სწრაფი სუნთქვა
- ტირილი ცრემლდენის გარეშე
- სიცხე
- უფრო მძიმე შემთხვევებში, დელირიუმი ან გონების დაკარგვა
სამწუხაროდ, წყურვილი ყოველთვის არ გამოხატავს ადეკვატური სითხის მიღების სურვილს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში. უკეთესი ნიშანია შარდის ფერი– ღია ფერის შარდი ნიშნავს, რომ იღებთ საკმარის სითხეს, ხოლო მუქი ფერის შარდი გაუწყლოების ნიშანია.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ სხვამხრივ ჯანმრთელი, მოზრდილი ადამიანი ხართ, მსუბუქი ან საშუალო დონის გაუწყლოების მკურნალობა მეტი სითხის მიღებით შეგიძლიათ. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ მძიმე გაუწყლოების ნიშნები, როგორიცაა ძლიერი წყურვილი, შარდის არარსებობა, მშრალი კანი, თავბრუსხვევა და დაბნეულობა.
ბავშვებსა და მოხუცებში საჭიროა მეტი სიფრთხილე. მიმართეთ ექიმს მაშინვე, თუ ბავშვს ან მოხუცს აქვს:
- ძლიერი ფაღარათი, ღებინებასთან ერთად ან მის გარეშე, ზოგჯერ სიცხით
- სისხლიანი ან შავი ფერის განავალი
- საშუალო სიმძიმის ფაღარათი, 24 საათის ან მეტის განმავლობაში
- ვერ იღებს სითხეს
- გაღიზიანებულია, დეზორიენტირებულია, ეძინება ან არააქტიურია
- მსუბუქი ან საშუალო გაუწყლოების სხვა სიმპტომები
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ფიქრობთ, რომ ბავშვი ან მოხუცი მძიმედ გაუწყლოებულია. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს მდგომარეობა, თუ ფრთხილად დააკვირდებით ბავშვის ან მოხუცის ავადმყოფობას და მისცემთ სითხეებს ფაღარათის, ღებინების დაწყებიდან მალევე. ასევე, ბავშვებს მოუწოდეთ, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე ვარჯიშის წინ, ვარჯიშის დროს და შემდეგ.