გვიანი ეაკულაცია

დაავადების აღწერა

გვიანი ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა) მდგომარეობაა, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი სქესობრივი სტიმულაცია, რათა მამაკაცში განვითარდეს ორგაზმი და ეაკულაცია (სპერმის გადმოსვლა პენისიდან). ზოგიერთ მამაკაცს ეაკულაციის უნარი საერთოდ არ აქვს. 

გვიანი ეაკულაცია შესაძლოა დროებითი ან ხანგრძლივი პრობლემა იყოს. ეაკულაციის დაგვიანების გამომწვევი მიზეზები გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ქირურგიული ჩარევები და მედიკამენტებია. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. 

ნორმაში, მამაკაცებს აღენიშნებათ გვიანი ეაკულაცია, მაგრამ იშვიათად. გვიანი ეაკულაცია პრობლემა მაშინაა, თუ იგი უქმნის სტრესს პაციენტს ან მის პარტნიორს.

გამომწვევი მიზეზი

გვიანი ეაკულაცია შესაძლოა ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, ქირურგიული ჩარევისა და მედიკამენტების გამო ხდებოდეს. ნარკოტიკების მოხმარება და მენტალური დარღვევები (დეპრესია, შფოთვა, სტრესი) ასევე იწვევს ამ პრობლემას. ხშირად, გვიანი ეაკულაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების კომბინაციის შედეგია.

ფიზიკური მიზეზებია:

  • გარკვეული თანდაყოლილი დეფექტები რეპროდუქციულ სისტემაში
  • მენჯის ნერვების დაზიანება, რომლებიც აკონტროლებენ ორგაზმს
  • გარკვეული ინფექციები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები
  • წინამდებარე ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობა ან ამოკვეთა
  • ნეიროლოგიური დაავადებები: დიაბეტური ნეიროპათია, ინსულტი ან ნერვის დაზიანება ზურგის ტვინში
  • ჰორმონალური მდგომარეობები: ჰიპოთიროიდიზმი, ჰიპოგონადიზმი–დაბალი ტესტოსტერონი ორგანიზმში
  • რეტროგრადული ეაკულაცია– მდგომარეობა, როცა სპერმა უკან ადის ბუშტის გავლით, და არა პენისში



ფსიქოლოგიური მიზეზებია:

  • დეპრესია, შფოთვა ან სხვა მენტალური აშლილობა
  • პრობლემები ურთიერთობაში სტრესის, არასწორი კომუნიკაციის და სხვა მიზეზების გამო
  • შფოთვა სექსის შესახებ
  • თვითშეფასების ნაკლებობა
  • კულტურული ან რელიგიური ტაბუ
  • სექსუალურ ფანტაზიებსა და რეალობას შორის სხვაობა


 
მედიკამენტები ანს ხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ გვიან ეაკულაციას:

  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი
  • ზოგიერთი ჰიპერტენზიის პრეპარატი
  • ზოგიერთი შარდმდენი
  • ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალება
  • ზოგიერთი ანტიეპილეფსიური საშუალება
  • ალკოჰოლი– განსაკუთრებით დიდი რაოდენობით (ალკოჰოლიზმი)


 
ზოგიერთ მამაკაცში, მცირე ფიზიკური პრობლემა, რომელიც იწვევს გვიან ეაკულაციას ასევე იწვევს შფოთვას სქესობრივი აქტის დროს. შფოთვა კიდევ უფრო ამძიმებს გვიანი ეაკულაციის პრობლემას.

სიმპტომები

ზოგიერთ მამაკაცს ეაკულაციამდე 30 წუთის ან მეტის ხანგრძლივობის სექსუალური სტიმულაცია სჭირდება. ზოგჯერ ეაკულაცია საერთოდ არ ხდება (ანეაკულაცია). 



არ არსებობს კონკრეტული დრო, რომლის იქითაც ისმება გვიანი ეაკულაციის დიაგნოზი. თუ მამაკაცი განიცდის სტრესს ან ბრაზს გვიანი ეაკულაციის გამო ან თუ სქესობრივ აქტივობას წყვეტს დაღლილობის, გაღიზიანების ან ერექციის დაკარგვის გამო, შესაძლოა ვიფიქროთ გვიანი ეაკულაციის კლინიკურ დიაგნოზზე. 

ხშირად, მამაკაცს უჭირს ორგაზმის მიღწევა და ეაკულაცია პარტნიორთან ერთად. ზოგიერთი მამაკაცი მხოლოდ მასტურბირების გზით ახერხებს ეაკულაციას. 

გვიანი ორგაზმი იყოფა ტიპებად, სიმპტომების შესაბამისად: 

  • შეძენილი ან მთელი ცხოვრების მანძილზე არსებული. თუ გვიანი ეაკულაცია მამაკაცს სულ აწუხებს, პრობლემა იწყება სქესობრივი მომწიფებიდან. შეძენილი გვიანი ეაკულაცია კი ნორმალური ფუნქციონირების პერიოდს მოყვება.
  • ზოგადი და სიტუაციური. ზოგადი გვიანი ეაკულაცია ხდება პარტნიორისა და სტიმულაციის ტიპის განურჩევლად, ხოლო სიტუაციური გვიანი ეაკულაცია მხოლოდ გარკვეულ პირობებში აღინიშნება.



ეს კატეგორიები გვეხმარება დიაგნოსტირებასა და ყველაზე შესაბამისი მკურნალობის მეთოდის შერჩევაში. 

როდის მივმართოთ ექიმს 

მიმართეთ ექიმს, თუ: 

  • გვიანი ეაკულაციის გამო პრობლემა გექმნებათ თქვენ ან თქვენს პარტნიორს
  • გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გვიან ეაკულაციას ან იღებთ რაიმე მედიკამენტს
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება გვიან ეაკულაციას