თირკმლის კიბო
დაავადების აღწერა
თირკმლის კიბო ეწოდება ნებისმიერ კიბოს, რომელიც თირკმლის ქსოვილში იწყება. თირკმელი წყვილი, ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოა, დაახლოებით ადამიანის მუშტის ზომის. თირკმელები მუცლის ორგანოების უკან მდებარეობს, თითო თირკმელი ხერხემლის ცალ მხარეს.
მოზრდილებში, თირკმლის კიბოს ყველაზე ხშირი ტიპი თირკმლის უჯრედოვანი კარცინომაა. სხვა უფრო იშვიათი ტიპის კიბოც შეიძლება შეგვხვდეს თირკმელში. ბავშვებში უმეტესად ვითარდება ვილმსის სიმსივნე–თირკმლის კიბოს ერთ–ერთი ტიპი.
თირკმლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. ერთ–ერთი მიზეზი კვლევის გაუმჯობესებული მეთოდებია, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს მეთოდები ხშირად კიბოს შემთხვევითი აღმოჩენის საშუალებას იძლევიან.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, რა იწვევს თირკმლის კიბოს.
ექიმება იციან, რომ კიბო წარმოიქმნება, როცა თირკმლის ზოგიერთი უჯრედი განიცდის დნმ–ის მუტაციას. მუტაცია აძლევს უჯრედებს საშუალებას, ზომაში მოიმატონ და გაიყონ კონტროლის გარეშე. პათოლოგიური უჯრედების გროვა ქმნის სიმსივნეს, რომელსაც შეუძლია თირკმლის გარეთ გაღწევაც. ზოგიერთი უჯრედი წყდება გროვას და ვრცელდება (მეტასტაზი) სხეულის შორეულ ორგანოებში.
სიმპტომები
თირკმლის კიბო იშვიათად იწვევს ნიშნებს ან სიმპტომებს ადრეულ ეტაპზე. მოგვიანებით, შესაძლო სიმპტომებია:
- სისხლი შარდში, ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შეფერილობით
- ზურგის ტკივილი ნეკნებს ქვეშ, რომელიც ხანგრძლივია
- წონაში კლება
- დაღლილობა
- ხანგამოშვებითი ცხელება
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ ხანგრძლივი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.