კლეპტომანია

დაავადების აღწერა

კლეპტომანია გარკვეული ნივთების, რომლებიც შესაძლოა არც იყოს საჭირო ან ძვირფასი, მოპარვის ძლიერი და ხშირი სურვილია. კლეპტომანია მძიმე მენტალური დაავადებაა, რომელიც იწვევს ემოციურ დისტრესს პაციენტსა და მის ახლობლებში, თუ მკურნალობა არ ჩატარდა.

კლეპტომანია იმპულსის კონტროლის დარღვევაა, ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლი. თუ გაქვთ ამ ტიპის დაავადება, გიჭირთ გარკვეული ქცევის ჩადენის სურვილზე უარის თქმა. ამ ტიპის ქცევა გარკვეულწილად მავნებელია თქვენთვის ან სხვა ადამიანისათვის.

კლეპტომანიით დაავადებულები ხშირად საიდუმლოდ ცხოვრობენ ამ დაავადებით, ცხვენიათ აღიარების და არ იღებენ მკურნალობას. განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ მედიკამენტური ჩარევა და ფსიქოთერაპია ეხმარება პაციენტებს იმპულსის კონტროლში.

გამომწვევი მიზეზი

კლეპტომანიის მიზეზი უცნობია. რამდენიმე თეორიის მიხედვით, თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებია პასუხისმგებელი ამ ფენომენზე. მეტი კვლევაა საჭირო მიზეზების უკეთ გასაგებად. სავარაუდო ფაქტორებია:

  • თავის ტვინის ბუნებრივი ინფორმაციული მოლეკულის – (ნეიროტრანსმიტერი) სეროტონინის პრობლემები. სეროტონინი არეგულირებს განწყობასა და ემოციებს. მისი დაბალი დონე იწვევს კომპულსიური ქცევისაკენ მიდრეკილებას.
  • დამოკიდებულების განვითარება. მოპარვა შესაძლოა იწვევდეს დოფამინის გამოთავისუფლებას (ნეიროტრანსმიტერი). დოფამინი იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს, ზოგიერთი ადამიანი კი ამ დროს კარგად გრძნობს თავს და იმეორებს მოპარვის აქტს.
  • ტვინის ოპიოიდური სიტემა. სურვილები რეგულირდება ტვინის ოპიოიდური სისტემით. დისბალანსი ამ სისტემაში სურვილებს აძლიერებს და ართულებს მათზე უარის თქმას.

სიმპტომები

კლეპტომანიის სიმპტომებია:

  • გარკვეული ნივთების, რომლებიც შესაძლოა არც იყოს საჭირო, მოპარვის ძლიერი სურვილი
  • დაძაბულობა, შფოთვა ან აღგზნება მოპარვის შემდეგ
  • სიამოვნება, კმაყოფილება მოპარვის დროს
  • დანაშაულის შეგრძნება, სინანული, სირცხვილი ან შიშის გრძნობა მოპარვის შემდეგ
  • სურვილის კვლავ დაბრუნება და კლეპტომანიის ციკლის განახლება



დამახასიათებელი ნიშნები

კლეპტომანებს ხშირად აღენიშნებათ შემდეგი ნიშნები:

  • ტიპიური ქურდებისაგან განსხვავებით, კლეპტომანები არ იპარავენ ფულის, გამბედაობის ან ამბოხის გამო. ისინი იპარავენ, რადგან ამის ძლიერი სურვილი აქვთ, რომელსაც ვერ ერევიან.
  • კლეპტომანიის ეპიზოდი სპონტანურად ხდება, დაგეგმვის, დახმარების და სხვა ადამიანთან კოლაბორაციის გარეშე
  • კლეპტომანთა უმრავლესობა იპარავს საჯარო დაწესებულებში, როგორიცაა მაღაზიები, სუპერმარკეტები. ზოგიერთი იპარავს მეგობრების ან ნაცნობების სახლებიდანაც.
  • ხშირად, მოპარული ნივთი არაფერს წარმოადგენს კლეპტომანისათვის და ამ ადამიანს ნივთის ყიდვაც თავისუფლად შეეძლო.
  • მოპარული ნივთები ხშირად არც გამოიყენება და უბრალოდ გროვდება. კლეპტომანმა შესაძლოა გააჩუქოს ნივთები, მისცეს ოჯახის წევრებს ან საიდუმლოდ დააბრუნოს კიდეც მოპარვის ადგილას.
  • მოპარვის სურვილი ქრება და ჩნდება სხვადასხვა ინტენსივობით, ცხოვრების განმავლობაში.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაწუხებთ კლეპტომანია, მიმართეთ ექიმს. კლეპტომანების უმრავლესობა არ იღებს მკურნალობას, დაპატიმრების შიშის ან სირცხვილის გრძნობის გამო. ფსიქოლოგი და ფსიქიატრი უმეტესწილად არ შეატყობინებს პოლიციას თქვენი პრობლემის შესახებ.

ზოგიერთი ადამიანი იმიტომ მიმართავს ექიმს, რომ უკვე დაიჭირეს ან მანამდე ყოფილა ციხეში კლეპტომანიის პრობლემის გამო.

მკურნალობა შესაძლოა დაგეხმაროთ კლეპტმანიის უკეთ კონტროლში.

თუ თქვენს ნაცნობს აქვს კლეპტომანია

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ოჯახის წევრს ან მეგობარს აქვს კლეპტომანია, ფრთხილად ესაუბრეთ მას ამ პრობლემის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ კლეპტომანია მენტალური დაავადებაა და არა ცუდი თვისება. არ დაადანაშაულოთ ადამიანი ამ ქურდობის გამო.

შეიძლება დაგეხმაროთ ეს ფაქტორები:

  • ამ ადამიანთან ლაპარაკი იმიტომ გახდა საჭირო, რომ მათი ჯანმრთელობისა და სიმშვიდის გამო ღელავთ
  • გეშინიათ კომპულსიური მოპარვის რისკების, როგორიცაა დაპატიმრება, სამსახურის დაკარგვა ან მნიშვნელოვანი ურთიერთობის გაფუჭება.
  • გესმით, რომ კლეპტომანიის დროს, მოპარვის სურვილი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ადამიანს მხოლოდ გააზრებით არ შეეძლოს უარის თქმა.
  • ეფექტური მკურნალობა შეამცირებს მოპარვის სურვილს და დაგეხმარებათ სირცხვილისა და დამოკიდებულების გარეშე ცხოვრებაში.
  • თუ გჭირდებათ დახმარება, სანამ ამ ადამიანს დაელაპარაკებით, ესაუბრეთ ექიმს. ექიმი გირჩევთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, რომელიც დაგეხმარებათ საუბრის წინ. საჭიროა არ იგრძნოს კლეპტომანიით დაავადებულმა თავი საფრთხეში ან დამნაშავედ.