დენგეს ცხელება

დაავადების აღწერა

დენგეს ცხელება კოღოთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. მსუბუქი დენგეს ცხელება იწვევს მაღალ სიცხეს, გამონაყარს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. მძიმე ფორმა, რომელსაც დენგეს ჰემორაგიული ცხელება ეწოდება, შესაძლოა გართულდეს ძლიერი სისხლდენით, შოკითა და სიკვდილით.

დენგეს ცხელების მილიონობით შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად. ცხელება ხშირია სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე. დაავადება გახშირდა სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვაშიც.

მკვლევარები მუშაობენ ვაქცინის აღმოსაჩენად. ამ დროისათვის, საუკეთესო პრევენცია კოღოებთან კონტაქტის შემცირებაა იმ ადგილებში, სადაც ცხელება გავრცელებულია.

გამომწვევი მიზეზი

დენგეს ცხელება კოღოების მიერ გადატანილი ოთხი ვირუსიდან ერთ–ერთის გამო ვითარდება. როცა კოღო კბენს დაინფიცირებულ ადამიანს, კოღოც დაინფიცირდება, შემდეგ კი ჯანმრთელ ადამიანს უკბენს და გადასდებს ვირუსს. 

დენგეს ცხელების გავლის შემდეგ, ვითარდება იმუნიტეტი ვირუსზე, მაგრამ არა ვირუსის სამ სხვა ტიპზე. დენგეს მძიმე ცხელების განვითარების რისკი (ჰემორაგიული ცხელება) იზრდება მეორედ ან მესამედ ინფიცირების შემთხვევაში.

სიმპტომები

მრავალ ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდებსა და ბავშვებს, შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს მსუბუქი ცხელების დროს. როცა სიმპტომი ჩნდება, ეს ძირითადად ინიფიცირებიდან (კოღოს ნაკბენიდან) 10 დღეში ხდება. ნიშნები და სიმპტომებია: 

  • ძლიერი ცხელება, 41 გრადუს ცელსიუსამდე 
  • თავის ტკივილი 
  • კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი 
  • ტკივილი თვალებს უკან 


შესაძლოა გამოვლინდეს: 

  • გავრცელებული გამონაყარი 
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება 
  • იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან 



ავადმყოფთა უმეტესობა გამოკეთდება დაახლოებით 1 კვირაში. ზოგჯერ, სიმპტომები მძიმდება და სიცოცხლისათვის საშიში ხდება. ზიანდება სისხლძარღვები და მცირდება თრომბოციტების რაოდენობა სისხლში. ეს იწვევს: 

  • სისხლდენას პირისა და ცხვირის ღრუდან 
  • ძლიერ ტკივილს მუცლის არეში 
  • ხანგრძლივ ღებინებას 
  • კანქვეშა სისხლდენას, რომელიც გავს ჩალურჯებას 
  • ფილტვების, ღვიძლის ან გულის პრობლემებს 



როდის მივმართოთ ექიმს 

თუ ახლახანს იმოგზაურეთ რეგიონში, სადაც დენგეს ცხელება გავრცელებულია და აღგენიშნათ ცხელება, მიმართეთ ექიმს.