შაქრიანი დიაბეტი

დაავადების აღწერა

შაქრიანი დიაბეტი დავაადებათა ჯგუფია, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმის მიერ შაქრის (გლუკოზა) მეტაბოლიზმი. გლუკოზა კუნთისა და ქსოვილების უჯრედული ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე წარმოადგენს თავის ტვინის საკვებ ნივთიერებას.

თუ გაქვთ დიაბეტი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის, ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით გლუკოზაა სისხლში. მიზეზები განსხვავდება. მაღალი კონცენტრაციით გლუკოზა შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს.

არსებობს ქრონიკული დიაბეტური მდგომარეობის ორი ტიპი– პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. პოტენციურად შექცევადი მდგომარეობებია პრედიაბეტი (როცა შაქრის დონე სისხლში მაღალია, მაგრამ იმდენად არა, რომ დიაბეტი გამოიწვიოს) და გესტაციური დიაბეტი, რომელიც ორსულობის დროს ხდება და მშობიარობის შემდეგ გაივლის.

გამომწვევი მიზეზი

დიაბეტის მექანიზმის უკეთ გასაგებად, უნდა ვიცოდეთ, როგორ პროცესირდება გლუკოზა ორგანიზმში.

როგორ მოქმედებს ინსულინი

  • ინსულინი ჰორმონია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი– პანკრეასი წარმოქმნის.
  • პანკრეასი გამოყოფს ინსულინს სისხლში.
  • ინსულინი ცირკულირებს სისხლში და საშუალებას აძლევს გლუკოზას, შევიდეს უჯრედებში.
  • ინსულინი შედეგად ამცირებს გლუკოზას რაოდენობას სისხლში.
  • როცა სისხლში გლუკოზა იკლებს, ინსულინის წარმოქმნაც იკლებს პანკრეასში.



გლუკოზას როლი

  • გლუკოზა (შაქარი) ენერგიის წყაროა უჯრედებისათვის კუნთში და სხვა ქსოვილებში.
  • გლუკოზა ორი წყაროდან მოდის– საკვებიდან და ღვიძლიდან.
  • შაქარი შეიწოვება სისხლში, შემდეგ კი გადადის უჯრედებში ინსულინის მეშვეობით.
  • ღვიძლი ინახავს და წარმოქმნის გლუკოზას.
  • როცა გლუკოზას დონე დაბალია, მაგალითად შიმშილის დროს, ღვიძლი დაშლის დაგროვებულ გლიკოგენს გლუკოზად და მიაწოდებს ენერგიას უჯრედებს.



პირველი ტიპის დიაბეტის მიზეზები

  • პირველი დიაბეტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს ებრძვის, ავითარებს რეაქციას და ანადგურებს ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს პანკრეასში. ეს იწვევს ინსულინის ნაკლებობას ან არარსებობას. უჯრედებში შესვლის მაგივრად, გლუკოზა გროვდება სისხლში.
  • პირველი ტიპის დიაბეტი სავარაუდოდ გენეტიკური წინასწარგანწყობისა და გარემო–ფაქტორების შედეგად ყალიბდება, თუმცა ამ ფაქტორთა უმრავლესობა ჩვენთვის უცნობია.



პრედიაბეტისა და მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზები

  • პრედიაბეტის (რომელიც გადადის მეორე ტიპის დიაბეტში)და მეორე ტიპის დიაბეტის დროს, უჯრედები ხდება რეზისტენტული ინსულინის მოქმედების წინააღმდეგ, ხოლო პანკრეასი ვერ წარმოქმნის იმდენ ინსულინს, რომ ამ წინააღმდეგობას ძლიოს. ამ შემთხვევაშიც, გლუკოზა ვეღარ გადადის უჯრედში და გროვდება სისხლში.
  • ზუსტად რატომ ხდება ასე, უცნობია, თუმცა სავარაუდო ფაქტორებია გენეტიკური წინასწარგანყწობა და გარემო პირობები. ჭარბწონიანობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, თუმცა მეორე ტიპის დიაბეტიანი ყველა პაციენტი არ არის ჭარბწონიანი.



გესტაციური დიაბეტის მიზეზები

  • ორსულობის დროს, პლაცენტა წარმოქმნის ორსულობის შემანარჩუნებელ ჰორმონებს. ეს ჰორმონები ხდიან უჯრედებს რეზისტენტულს ინსულინის ეფექტის მიმართ.
  • ნორმაში, პანკრეასი ამ დროს ზედმეტ ინსულინს ასინთეზებს, რათა ძლიოს წინააღმდეგობას.თუმცა ზოგჯერ პანკრეასს ეს არ შეუძლია. ამ დროს გროვდება გლუკოზა სისხლში, რადგან ვერ აღწევს უჯრედებში, რაც ვლინდება გესტაციური დიაბეტით.

სიმპტომები

დიაბეტის სიმპტომები დამოკიდებულია შაქრის დონეზე სისხლში. ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით პრედიაბეტის ან მეორე ტიპის დიაბეტის დროს, სიმპტომები თავდაპირველად არ ვლინდება. პირველი ტიპის დიაბეტში სიმპტომები სწრაფად ვლინდება და უფრო მძიმეა.

პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის ზოგიერთი ნიშანია:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • ხშირი შარდვა
  • გაძლიერებული მადა
  • აუხსნელი კლება წონაში
  • კეტონები შარდში (კეტონი არის კუნთისა და ცხიმის დაშლის პროდუქტი, რომელიც გამოიყოფა თუ ინსულინი არ არის საკმარისი რაოდენობით)
  • დაღლილობა
  • გაღიზიანებადობა
  • დაბინდული მხედველობა
  • დაზიანებების გვიანი შეხორცება
  • ხშირი ინფექციები, როგორიცაა ღრძილების და კანის ინფექციები, ვაგინალური ინფექციები
  • მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტიპის დიაბეტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, იგი უფრო ტიპიურად ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს. მეორე ტიპის დიაბეტი კი, უფრო ხშირი ვარიანტი, ვითარდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირია 40 წელს გადაცილებულ მოზრდილებში.


 
როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ დიაბეტი, თუ შემჩნევთ მსგავს სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ დაავადებას, მით მალე დაიწყება მკურნალობაც.
  • თუ უკვე გაქვთ დიაგნოსტირებული დიაბეტი, დაგჭირდებათ ხშირი შემოწმება და ვიზიტი ექიმთან, სანამ სისხლში შაქრის დონე დასტაბილურდება.