უშაქრო დიაბეტი
დაავადების აღწერა
შესაძლოა იფიქროთ, რომ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი მსგავსი დაავადებებია. მიუხედავად მსგავსი სახელისა და სიმპტომებისა, განვითარების მექანიზმი და პათოლოგია სრულიად განსხვავდება შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპსა და უშაქრო დიაბეტს შორის.
მკურნალობა მიმართულია წყურვილის შემცირებისა და შარდის გამოყოფის ნორმალიზებისაკენ.
გამომწვევი მიზეზი
უშაქრო დიაბეტი ყალიბდება, როცა ორგანიზმი ვერ არეგულირებს სითხეების მოცულობას. ნორმაში, თირკმელი გამოყოფს ზედმეტ სითხეს სისხლიდან. ეს ზედმეტი სითხე დროებით ინახება შარდის ბუშტში, როგორც შარდი და შემდეგ გამოდის გარეთ მოშარდვის საშუალებით. როცა სითხის რეგულაციის სისტემა ფუნქციონირებს სწორად, თირკმელი გამოყოფს ნაკლებ შარდს, თუ ორგანიზმი სითხეს კარგავს სხვა გზით, მაგ. ოფლიანობით ან ნაკლები სითხის მიღების გამო. ამ დროს სითხე ინახება.
ორგანიზმის სითხის მოცულობა და შემადგენლობა ბალანსდება მიღებისა და გამოყოფის სიჩქარეებით. სითხის მიღებას იწვევს წყურვილის გრძნობა ან ადამიანის თვითნებური გადაწყვეტილება, მიიღოს კონკრეტული რაოდენობით სითხე.თირკმელებში სითხის გამოყოფის სიჩქარეს და მოცულობას კი არეგულირებს ანტიდიურეზული (ანტი–შარდის გამოყოფის) ჰორმონი, რომელიც ვაზოპრესინის სახელითაცაა ცნობილი.
ანტიდიურეზული ჰორმონი წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში და გროვდება ჰიპოფიზში–მცირე ზომის ჯირკვალი,მოთავსებულია თავის ტვინში. ჰორმონი გამოიყოფა სისხლში, როცა ორგანიზმი გამოშრება და საჭიროა სითხის შენახვა. ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედებით, შარდი კონცენტრირებულია, რადგან თირკმლის ტუბულები წყალს უკან შეიწოვს ფილტრაციის დროს, რათა დიდი რაოდენობით წყალი არ გავიდეს შარდის სახით.
უშაქრო დიაბეტის ტიპი განისაზღვრება ამ სისტემის დარღვევის მიზეზის მიხედვით.
- ცენტრალური უშაქრო დიაბეტი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მიზეზი ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაზიანებაა, ყველაზე ხშირად ქირურგიული ჩარევის, სიმსივნის, დაავადების გამო (მაგ. მენინგიტი), ანთებითი ან ტრავმული დაზიანებისას. ბავშვებში, მიზეზი ხშირად მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა. ზოგჯერ მიზეზი ვერ დგინდება. დაზიანება ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციას, ჰორმონის წარმოქმნასა და შენახვას.
- ნეფროგენული (თირკმლისმიერი) უშაქრო დიაბეტი. ამ დროს დეფექტი თირკმლის მილაკებშია– თირკმლის იმ სტრუქტურებსი, რომლებიც იწვევენ წყლის გამოყოფას ან უკუშეწოვას. დეფექტის გამო თირკმელი ვერ პასუხობს ჰორმონის ეფექტს. დეფექტი შესაძლოა გენეტიკური მიზეზით იყოს განპირობებული ან თირკმლის ქრონიკული დაავადებით. გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი და დემეკოციკლინი (ტეტრაციკლინი–ანტიბიოტიკი), ასევე იწვევენ თირკმლისმიერ უშაქრო დიაბეტს.
- გესტაციური უშაქრო დიაბეტი. გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს, როცა პლაცენტის (სისხლძარღვებისა და ქსოვილების სტრუქტურა, რომელიც მიმოცვლის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს დედასა და ემბრიონს შორის) მიერ წარმოქმნილი ფერმენტი შლის დედის ორგანიზმში მოცირკულირე ანტიდიურეზულ ჰორმონს.
- პირველადი პოლიდიფსია. ეს მდგომარეობა, რომელსაც ასევე დიფსოგენური უშაქრო დიაბეტი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია ეწოდება, იწვევს დიდი მოცულობით შარდის გამოყოფას. პრობლემა არ არსებობს ანტიდიურეზული ჰორმონის წარმოქმნა–შენახვაში, დაავადების მიზეზი ზედმეტი რაოდენობით სითხის მიღებაა. ხანგრძლივად დიდი რაოდენობით წყლის მიღება აზიანებს თირკმელებს და ამცირებს ანტიდიურეზული ჰორმონის ეფექტს, რაც ორგანიზმს შარდის კონცენტრაციის უნარს უქვეითებს. პირველადი პოლიდიფსია შესაძლოა იყოს წყურვილის პათოლოგიური გაძლიერებით გამოწვეული, როგორც ხდება წყურვილის მარეგულირებელი ცენტრების დაზიანების დროს (ჰიპოთალამუსში). პირველადი პოლიდიფსია მენტალური ავადმყოფობითაც შესაძლოა იყოს გამოწვეული.
ზოგიერთ შემთხვევაში, უშაქრო დიაბეტის მიზეზი ვერ დგინდება.
სიმპტომები
უშაქრო დიაბეტის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი წყურვილი
- დიდი რაოდენობით, ნაკლებკონცენტრირებული შარდის გამოყოფა
- მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, გამოყოფილი შარდის მოცულობა ვარირებს დღეში 2 ლიტრიდან (მსუბუქი შემთხვევები) დღეში 20 ლიტრამდე (მძიმე შემთხვევები). შესადარებლად, საშუალო მოცულობა, რომელსაც ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანი დღეში გამოყოფს, მხოლოდ 1,5–2,5 ლიტრია.
- სხვა ნიშნები შესაძლოა იყოს შარდვა ღამით (ნოქტურია) და უნებლიე შარდვა.
ახალშობილებდა და ბავშვებს, რომელთაც უშაქრო დიაბეტი აქვთ, შესაძლოა ჰქონდეთ სიმპტომები:
- აუხსნელი მოუსვენრობა და ტირილი
- უჩვეულოდ ბევრი რაოდენობის პამპერსის დასველება
- სიცხე, ღებინება ან ფაღარათი
- მშრალი კანი, შეციებული კიდურები
- შეფერხებული ზრდა
- წონის დაკლება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ შეამჩნევთ უშაქრო დიაბეტის რომელიმე ნიშანს ან სიმპტომს, განსაკუთრებით შარდვის გაძლიერებასა და წყურვილს.