დიაბეტური კეტოაციდოზი

დაავადების აღწერა

დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ–მჟავების დიდი რაოდენობა.
დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმიერ მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნის შედეგია. ინსულინი ნორმაში არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, რადგან ეხმარება მას უჯრედებში შესასვლელად. გლუკოზა კი უჯრედული ენერგიის მთავარი წყაროა. ინსულინის გარეშე, ორგანიზმი იწყებს ცხიმების დაშლას, ენერგიის მისაღებად. დაშლის პროცესის შედეგად წარმოიქმნება ტოქსიური მჟავები, კეტონები, რომლებიც იწვევენ დიაბეტურ კეტოაციდოზს.
თუ გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის მაღალი რისკი, უნდა იცოდეთ დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები, რათა მიიღოთ დროული დახმარება.

გამომწვევი მიზეზი

შაქარი (გლუკოზა) კუნთისა და სხვა უჯრედების ენერგიის მთავარი წყაროა. ნორმაში, შაქარი უჯრედში ინსულინის დახმარებით შედის. თუ არ გაქვთ საკმარისი ინსულინი ორგანიზმში, უჯრედები ვერ იყენებენ შაქარს. ეს იწვევს ჰორმონების გამოთავისუფლებას და ცხიმის დაშლას– ენერგიის სათადარიგო წყარო. დაშლის პროცესში გამოიყოფა ტოქსიური მჟავები–კეტონები. კეტონების დაგროვება სისხლში იწვევს შარდში მათ გადასვლას.

დიაბეტური კეტოაციდოზის მიზეზებია:

  • ავადმყოფობა. ინფექცია ან სხვა ავადმყოფობა იწვევს ორგანიზმში გარკვეული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით გამოყოფას. ეს ჰორმონები ადრენალინი და კორტიზოლია. სამწუხაროდ, ეს ჰორმონები ინსულინის საწინააღმდეგოდ მუშაობენ, რაც იწვევს დიაბეტური კეტოაციდოზის ეპიზოდს. პნევმონია და საშარდე გზების ანთება ხშირი მიზეზებია.
  • ინსულინის თერაპიის პრობლემები. ინსულინის გამოტოვება ან არასაკმარისი დოზა შესაძლოა გართულდეს დიაბეტური კეტოაციდოზით.
  • დიაბეტური კეტოაციდოზის სხვა შესაძლო მიზეზებია:
  • სტრესი
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა
  • მაღალი სიცხე
  • ქირურგიული ჩარევა
  • ინფარქტი
  • ალკოჰოლი ან ნარკოტიკები, განსაკუთრებით კოკაინი

სიმპტომები

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები და სიმპტომები სწრაფად ვითარდება, ზოგჯერ 24 საათშიც. ზოგჯერ, ეს ნიშნები დიაბეტის პირველი გამოვლინებაა. სიმპტომებია:

  • წყურვილის გაძლიერება
  • გაძლიერებული შარდვა
  • გულისრევა, ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • სისუსტე ან დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მოტკბო სუნი პირის ღრუში
  • დაბნეულობა



დიაბეტური კეტოაციდოზის უფრო კონკრეტული ნიშნები, რომლებიც სახლის პირობებშიც შესაძლებელია აღმოაჩინოთ:

  • გლუკოზის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერგლიკემია)
  • კეტონების მაღალი დონე შარდში



როდის მივმართოთ ექიმს

თუ ავად ხართ, სტრესული სიტუაცია გაქვთ, ახლახანს გადაიტანეთ დაავადება ან მიიღეთ დაზიანება, უფრო ხშირად ამოწმეთ სისხლში გლუკოზის დონე. შესაძლებელია შარდში კეტონების დონის განმსაზღვრელი ტესტის შეძენაც.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ:

  • აღებინებთ და ვერ იღებთ საკვებსა და სითხეს
  • სისხლში შაქრის დონე ზედა ზღვარს აცდა და არ ემორჩილება მკურნალობას
  • კეტონების დონე შარდში საშუალო ან მაღალია
  • მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:
  • სისხლში შაქრის დონე აღემატება 300მგ/დლ ან მეტს.
  • გაქვთ კეტონები შარდში და ვერ უკავშირდებით თქვენს ექიმს.
  • გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზის რამდენიმე ნიშანი და სიმპტომი: წყურვილი, ხშირი შარდვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, მოტკბო სუნი პირში, დაბნეულობა.
  • გახსოვდეთ, დიაბეტური კეტოაციდოზი შესაძლოა ფატალური იყოს მკურნალობის გარეშე!