მუხლის ტკივილი
დაავადების აღწერა
მუხლის ტკივილი ხშირი ჩივილია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება შეგვხვდეს. მუხლის ტკივილი შესაძლოა დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა ან ხრტილის დაზიანება. დაავადებები, როგორიცაა ართრიტი, ნეკრესის ქარი ან ინფექციები ასევე იწვევენ მუხლის ტკივილს.
მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად გაივლის სახლის პირობებში მკურნალობითაც. ფიზიკური თერაპია და მუხლის უმოძრაოდ გაჩერება ზოგჯერ ეხმარება პაციენტებს. ზოგჯერ, მუხლი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
მუხლის ტკივილს იწვევს დაზიანება, მექანიკური პრობლემა, ართრიტი ან სხვა დაავადებები.
დაზიანება, ტრავმა
მუხლის სახსრის ტრავმამ შესაძლოა ნებისმიერი ახლომდებარე იოგის, მყესის ან სითხით სავსე ჯიბის (აბგა, ბურსა), ძვლის, ხრტილის დაზიანება გამოიწვიოს. მუხლის დაზიანების ხშირი მიზეზებია:
- წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება. წინა ჯვარედინი იოგი ერთ–ერთია იმ ოთხი იოგიდან, რომლებიც აერთებენ ბარძაყისა და წვივის ძვლებს. იოგის დაზიანება ხშირია კალათბურთის, ფეხბურთის ან სხვა სპორტის მოთამაშეებში, რომლებსაც ხშირად უხდებათ სირბილის მიმართულების სწრაფი ცვლილება.
- მენისკის გახევა. მენისკი უხეში, რეზინისებრი ხრტილია, რომელიც ძვლებს შორის მდებარეობს და ამცირებს ხახუნის ძალას. მენისკის ქსოვილი შესაძლოა დაზიანდეს, როცა მუხლს წონით აწვებით და თან მიმართულებას უცვლით.
- მუხლის ბურსიტი. მუხლის ზოგიერთი ტრავმა იწვევს ბურსას (აბგა) ანთებას. აბგა მცირე ზომის ჯიბეა, რომელიც სახსრის გარშემო მდებარე მყესებსა და იოგებს გლუვი მოძრაობის უნარს ანიჭებს.
- კვირისტავის ტენდინიტი. ტენდინიტი არის ერთი ან რამდენიმე მყესის ანთება. მყესი სქელი, ფიბროზული ქსოვილია, რომელიც კუნთს აერთებს ძვალთან. მორბენლები, მოთხილამურეები და აქტიური სპორტის მოთამაშეები ხშირად უჩივიან კვირისტავის ტენდინიტს. ეს მყესი აერთებს კვადრიცეფსის კუნთს ბარძაყისა და წვივის კუნთებთან.
მექანიკური პრობლემები
მუხლის ტკივილის გამომწვევი მექანიკური პრობლემებია:
- ძვლის ან ხრტილის ნაწილის მოწყვეტა. ზოგჯერ ტრავმა ან დეგენერაცია ძვალსა და ხრტილში იწვევს ამ სტრუქტურების ნაწილების მოწყვეტას, რომელიც თავისუფლად ტრიალებს სასახსრე სივრცეში. ამ სხეულაკმა შესაძლოა არც გამოიწვიოს სიმპტომები, მაგრამ თუ ხელი ეშლება მუხლის სახსარს თავისუფლად მოძრაობაში, სავარაუდოა ტკივილი.
- ილიოტიბიალური ტრაქტის დაჭიმულობა. ეს მდგომარეობა ვითარდება, როცა იოგი, რომელიც მენჯის ძვლიდან ჩადის წვივის დიდი ძვლის ზედაპირამდე იმდენად იჭიმება, რომ ეხახუნება ბარძაყის ძვლის გარეთა ზედაპირს. გრძელ მანძილებზე მორბენალ სპორტსმენებს განსაკუთრებული რისკი აქვთ.
- ამოვარდნილი კვირისტავი. ეს ხდება, როცა სამკუთხა ძვალი (კვირისტავი), რომელიც მუხლის წინა ზედაპირს ფარავს, ამოვარდება თავისი ადგილიდან, მუხლის გარეთ. ზოგჯერ, კვირისტავი შესაძლოა დისლოკაციის დანახვაც.
- თეძოს ან ტერფის ტკივილი. თუ გაქვთ ტკივილი თეძოსა და ტერფში, შესაძლოა ისე შეცვალოთ მოძრაობა, რომ ნაკლებად დაიტვირთოს ეს მტკივნეული სახსრები. ამ დროს მუხლის სახსარზე მეტი ზეწოლა ვითარდება. ზოგჯერ, ტკივილი კიდურის სხვა ნაწილებში ვრცელდება მუხლზეც.
ართრიტი
არსებობს 100ზე მეტი ტიპის ართრიტი. მუხლის სახსრის მომცველი ართრიტებია:
- ოსტეოართრიტი. ოსტეოართრიტს ზოგჯერ დეგენერაციულ ართრიტსაც უწოდებენ და იგი ყველაზე ხშირი ტიპია. ოსტეოართრიტი სახსრის “გაცვეთითაა” გამოწვეული, რომლის დროსაც ხრტილი მუხლში ასაკთან ერთად განილევა.
- რევმატოიდული ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი ართრიტების ყველაზე მძიმე ფორმაა და გამოწვეულია აუტოიმინური მდგომარეობით, რომელიც აზიანებს ნებისმიერ სახსარს სხეულში, მათ შორის მუხლსაც. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ განსხვავდება სიმძიმით და სიმპტომები დროთა განმავლობაში ქრება და ჩნდება.
- ნეკრესის ქარი. ამ ტიპის ართრიტის დროს შარდმჟავას კრისტალები გროვდება სახსრებში. ნეკრესის ქარი (პოდაგრა) ყველაზე ხშირა ფეხის ცერა თითის სახსარს აზიანებს, მაგრამ შესაძლებელია მუხლის ჩართულობაც.
- ფსევდოპოდაგრა. ფსევდოპოდაგრა ხშირად წააგავს პოდაგრას, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაგდება კალციუმის შემცველი კრისტალები სახსრის სითხეში. ამ დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი.
- სეპტიური ართრიტი. ზოგჯერ მუხლის სახსარი ინფიცირდება, ვითარდება შეშუპება, ტკივილი და სიწითლე. ამ მდგომარეობას უმეტესად ტრავმა წინ არ უძღვის. სეპტიურ ართრიტს თან ახლავს ცხელებაც.
სხვა პრობლემები
ქონდრომალაცია პატელა (პატელოფემორალური ტკივილის სინდრომი) მდგომარეობაა, რომლის დროსაც ტკივილი იწყება კვირისტავსა (პატელა) და ბარძაყს შორის. ეს დაავადება ხშირია ათლეტებში, მოზარდებში, განსაკუთრებით თუ შეინიშნება კვირისტავის მცირე ცვლილება. მოზრდილებში სინდრომი ვითარდება კვირისტავის ართრიტული დაავადების მიზეზით.
სიმპტომები
ტკივილის ადგილმდებარეობა და სიმძიმე განსხვავდება გამომწვევი მიზეზების მიხედვით.ხშირი თანმხლები ნიშნები და სიმპტომებია:
- შესიება და გაშეშება
- შეწითლება, სითბო
- სისუსტე, არასტაბილურობა
- გატკაცუნების ხმები
- მუხლის გაშლის გაძნელება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ვერ დგახართ გამართულად მუხლის გამო
- შესიება ძლიერია
- ვერ შლით ან ხრით მუხლს
- გაქვთ თვალსაჩინო დეფორმაცია ფეხზე
- გაქვთ სიცხე, შეწითლება, ტკივილი და შესიება
- მუხლის სახსარი არასტაბილურია