რეზიდენტების ახალი ნაკადი „ჯეო ჰოსპიტალს”-ში
„ჯეო ჰოსპიტალსი“ აგრძელებს სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რაც ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადებას ემსახურება. „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და რეზიდენტების საინფორმაციო და გაცნობითი ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის სტრუქტურას, რეზიდენტურის პროგრამის მიზნებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული განვითარების გზაზე ეძლევათ. შეხვედრა ასევე დაეთმო კლინიკური სწავლების მნიშვნელობასა და იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც რეზიდენტები ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში მიიღებენ.
სასწავლო პროცესი აერთიანებს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ საქმიანობას „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს აკრედიტებულ კლინიკურ ბაზებზე. რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ მენტორებისა და დარგის წამყვანი ექიმების ზედამხედველობით, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიული უნარები რეალურ კლინიკურ გარემოში განავითარონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ექიმებს შევუქმნათ გარემო, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული. „ჯეო ჰოსპიტალს“-ში დიპლომისშემდგომი განათლება სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად იმუშავებენ,“ — აღნიშნა შეხვედრაზე „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა
რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგ ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება სახელმწიფო სერტიფიკატის საფუძველზე. ამასთან, წარმატებულ რეზიდენტებს „ჯეო ჰოსპიტალსი“ დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს, რაც ახალგაზრდა ექიმებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული კარიერა კლინიკის გუნდთან ერთად გააგრძელონ და გამოცდილ წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობით კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკა.
ამ ეტაპზე რეზიდენტები „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელში სარეზიდენტო პროგრამებს შემდეგ საექიმო სპეციალობებში გაივლიან :
- გადაუდებელი მედიცინა
- რადიოლოგია
- ნევროლოგია
- პედიატრია
- ზოგადი ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
- ანესთეზიოლოლგია და რეანიმატოლოგია
- კარდიოლოგია
რეზიდენტებს პროგრამის დეტალებსა და ახალ შესაძლებლობებზე შეხვედრაზე თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით თოთაძე, ქსელის კლინიკური კლინიკური დირექტორი კახაბერ გზობავა და სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელი ესაუბრნენ.